-
2015-07-29 10:15
ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად ფასის ზრდა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მტკივნეულად იგრძნო. გაძვირებულმა პროდუქციამ კი ოჯახის ხარჯი ამ დროისათვის უკვე 100-120 ლარამდე გაზარდა.
ლარის დევალვაცია უფრო მძიმე იმ დამიანებისთვისაა, ვისაც სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვს. მათ ხარჯი, საშუალოდ, 200-250 ლარით და მეტით მოემატა. სპეციალისტების პროგნოზით, წლის ბოლოს ერთი შინამეურნეობის ხარჯი მინიმუმ 300 ლარით გაიზრდება, ხოლო ინფლაცია საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს.
სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოში პროდუქცია, განსაკუთრებით კი მედიკამენტები, ხშირ შემთხვევაში, ვალუტის კურსთან შედარებით უფრო მეტად იზრდება. შედეგად კი მოსახლეობის ხარჯიც მეტად მატულობს, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელია.
"ლარის დევალვაციის შემდეგ პროდუქტი რეალურზე მეტად ძვირდება. ელექტროენერგიის გაძვირების შედეგად კი ფასები სხვადასხვა პროდუქციასა თუ მომსახურებაზე უფრო მეტად მოიმატებს, ანუ მივიღებთ ფასების მარაოსებურ ზრდას, როცა ეკონომიკის ერთ სექტორში ფასების მატება იწვევს თანდათნაობით, დომინოს პრინციპით სხვა მიმართულებით ზრდას.
ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი ლარით გაიზრდება წლის ბოლოს მოსახლეობის ხარჯი, რთული სათქმელია, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული გათვლა მაინც შეიძლება გაკეთდეს. მოსახლეობის ხარჯები ნამდვილად მოიმატებს და ეს იქნება მინიმუმ 300 ლარი", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საბურისას სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.
ეკონომისტების ნაწილის პროგნოზით, ოჯახის ხარჯი წლის ბოლოს, საშუალოდ, 25%-ით გაიზრდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წელს ერთი ოჯახის საშუალო ხარჯი 956,2 ლარი იყო. თუ ამას 25%-იან ზრდას, 240 ლარს დავუმატებთ, გამოვა, რომ მომავალ წელს ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური ხარჯის გრაფაში სტატისტიკის სამსახური 956,2 ლარის ნაცვლად 1 1196 ლარს ჩაწერს.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ წლის განმავლობაში ოჯახის ხარჯი 20-25%-ით მოიმატებს. ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით მივიღებთ ირიბ დანახარჯსაც, ანუ ამით მოიმატებს პროდუქციის თვითღირებულება. "ის, რომ რეალურად პროდუქციის ფასი გაიზრდება, ფაქტია. ვარაუდის დონეზე შეიძლება ვთქვათ, რომ წლის ბოლოს ოჯახის ხარჯი, შესაძლოა, 20-25%-ით გაიზარდოს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ახლა ჩვენ გვაქვს 4,5%-იანი ინფლაცია, ანუ მიზნობრივთან ძალიან ახლოს ვართ. თუ ფასები კიდევ მოიმატებს (რაც აუცილებლად მოხდება), მაშინ ინფლაციის მაჩვენებელიც მიზნობრივ 5%-ს გადააჭარბებს", - განაცხადა გერლიანმა.
წყარო