
მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, ფინანსთა მინისტრის ხადურისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შემადგენლობით, ანგარიშის ჩასაბარებლად პარლამენტში გამოცხადდა.
„პრინციპში, მათ ახალი არაფერი უთქვამთ, ისევ ის გაიმეორეს, რასაც აქამდე ჩაგვჩიჩინებდნენ.
ჩვენი ქვეყნის გადარჩენა დამოკიდებულია პრივატიზაციაზე, ტურიზმზე, სხვა ქვეყნებში ბაზრების ძებნასა და ინვესტიციების შემოსვლაზე.
მეტიც, ნოდარ ხადურის თქმით, დღეს ლარის ინფლაცია არის იმაზე დაბალი, ვიდრე უნდა იყოს, ისიც კი გვითხრა, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა დაგეგმილი და 2 პროცენტამდე შევამცირეთ, მეტი რაღა ჩემი ფეხები გინდათო?
ეს კიდევ არაფერი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისეთი "სიბრძნე" აფრქვია, აქაც ტაში უნდა დავუკრათ. მისი დავთრების მიხედვით, 2009-2010 წლებში ეროვნული ბანკი იმიტომ ახორციელებდა ფინანსურ ინტერვენციებს, ანუ იმიტომ გამოჰქონდა დიდი რაოდენობით დოლარი, რომ ქვეყანაში შემოდიოდა კიდეც ინვესტიციებისა თუ გრანტების სახით.
გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ამას დაიჯერებს, სწორედ ამ პერიოდში შემოვიდა ამერიკიდან და ევროპიდან 4 მილიარდი დოლარი, მაგრამ სად წავიდა, არავინ იცის", - წერს „ალია“
„სიმართლე გითხრათ, ამათ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ წარმოუდგენიათ. ამ გზით შეუძლებელია რაიმე გარდატეხის შეტანა. არ ვფიქრობ, რომ რაკი სხვა ქვეყნებში პრობლემებია, ჩვენ უნდა მოვარღვიოთ საზღვრები, რათა ტურისტები მოვიზიდოთ. მაგალითად, საბერძნეთსა და ესპანეთს სასწაული ტურიზმი აქვთ, მაგრამ ფინანსურ კრიზისს ვერ გადაურჩნენ.
რაზეც ესენი ლაპარაკობენ, არის გზები, რომელიც მიდის არსაით. რომელ ეკონომიკაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ექსპორტში 20 პროცენტი მანქანების რეექსპორტი გაქვს, ანუ სხვის მიერ გაკეთებულ მანქანებს ყიდი, 9 პროცენტი გაქვს თხილი, ხოლო ღვინო გაქვს 7,5 პროცენტი. ამ სტატისტიკის მერე დამთავრებულია საქმე, თუ არ შეცვლი სტრუქტურას და არ დაიწყებ რეფორმებს. დადგება დრო, სხვაგან კარგად იქნება საქმე, ჩვენთან კი ისევ ცუდად...
თუ მსოფლიო ბანკმა უნდა გაგიკეთოს კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა, მაშინ მოვიწვიოთ მათი წარმომადგენლები, ჩავაბაროთ ეკონომიკა და დავასვენოთ დანარჩენები. 20 წელი გადის, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები შემოვიდნენ ქვეყანაში. მითხარით, რაიმე არსებითი გავლენა მოახდინეს მათ ან მენტალობაზე, ან პოლიტიკაზე, ან კიდევ ეკონომიკაზე? ახლა ჩამოვლენ, მთავრობას ეტყვიან: მოიქეცით ასე, მოიქეცით ისე, მერე რა? ჩავაბაროთ მაგათ ეს ქვეყანა და შეიძლება მიხედონ, აბა რა ვქნათ, სადამდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?
ახლა ჩვენ კი ვაკრიტიკებთ ეროვნულ ბანკს, მაგრამ უფრო მეტად დამნაშავეა პარლამენტი, რომელმაც არ გამოიჩინა პრინციპულობა, არ მისცა მითითებები. სანამ ურემი არ გადაბრუნდა, ხმა არავინ ამოიღო და ახლა დაიწყეს ანგარიშების ჩაბარება. მთავრობის წევრებსაც არ იბარებდნენ პარლამენტში, მუშაობაში ხელი შეეშლებათო. ესეც კურიოზია", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.