
თბილისის ქუჩებში მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. 2014 წლის ნოემბრის შემდეგ მხოლოდ პეკინის ქუჩაზე, სადაც ცნობილი მაღაზიები იყო, 10 ობიექტი დაიხურა და ახლა მათ ადგილას განცხადებაა - ფართის გაქირავების შესახებ.
რასთანაა დაკავშირებული სავაჭრო ობიექტების დახურვა და არის თუ არა ვაჭრობის სფერო გაბანკროტების პირას?
როგორც ტანსაცმლის მაღაზიის ერთერთი მფლობელი, ნატალი ხარჭევანიძე აცხადებს, ასეთი დაბალი მოთხოვნა პროდუქციაზე მას დიდი ხანია, არ ახსოვს. თუ აქამდე გაყიდული საქონლის თვითღირებულებას მინიმუმ 10 ლარს უგებდა, ახლა 2 ლარის მოგებით გაყიდვაც უჭირს. არადა, 36 წელია, ვაჭრობს:
„დიდი ხანია, ამ სისტემაში ვმუშაობთ. ბიზნესის მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. ლარის კურსის დევავლვაციამ ნეგატიური როლი ითამაშა. თითქმის მთელ ქალაქში მარაზიები ან იკეტება, ან საქონლის ლიკვიდაციას აცხადებს. ჩვენ ვცდილობთ, მყიდველთა ჩვენი სეგმენტი შევინარჩუნოთ, ფასებს დაბლა ვწევთ, მაგრამ მყიდველუნარიანობა მაინც კატასტროფულია“.
ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ კრიზისის მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, ხოლო რომან გოცირიძე ამბობს, რომ სამომხმარებლო სფეროში დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორიც იყო 2008-2009 წლებში. მისი თქმით, განცხადებები დახურული მაღაზიების ადგილის გაქირავების შესახებ ყოველთვის იყო და იქნება, რადგან ეს ეკონომიკის ნაწილია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დევალვაციის შემდეგ მაღაზიები უფრო მეტი სიხშირით იხურება.