-
2014-05-05 13:01
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ დავით კოდუაზე თავდასხმის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო სახელმწიფო დგას არჩევანის წინაშე: ან დასაჯოს დამნაშავე კანონის შესაბამისად, ან დადგეს ქუჩის მხარეს და წაახალისოს ქუჩური გარჩევები.
როგორც ჟურნალისტმა „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც დავით კოდუაზე თავდასხმის გამოძიების საქმეში თეთრი ძაფით ნაკერი დეტალები აღმოაჩინა.
მისი თქმით, გამოძიება ცდილობს, პირადი შურისძიების კვალიფიკაცია მისცეს საქმეს, რომელიც ჯგუფური თავდასხმის შედეგად მკვლელობის მცდელობაა. მისი თქმით, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დავით კოდუას დაზიანებები მხოლოდ თავის მიდამოებში მიაყენეს და მანამდე ელექტროშოკით გათიშეს.
„ყველაფერი ხელისგულზეა: ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს, მოხდა ჯგუფური თავდასხმა, რაც არ ფიგურირებს საქმეში და ეს იყო არა შურისძიების მოტივით შემთხვევით შეხვედრაზე აგებული კონფლიქტი, არამედ თავდასხმა მკვლელობის მიზნით:
დავით კოდუა ამ დრომდე კომაშია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და ამ დროს, გამოძიება ცდილობს, მიიღოს დასკვნა, რომ დაზარალებულის მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა - თეთრი ძაფითაა ეს უკვე ნაკერი! სახელმწიფო დგას არჩევანის წინაშე: ან დასჯის დამნაშავეს კანონის სესაბამისად, კანონის მთელი სიმკაცრით, ან კიდევ, დადგება ქუჩის მხარეს. არჩევანი ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს“, - ამბობს „აფხაზეთის ხმასთან“ ნანუკა ჟორჟოლიანი.
თავისი პოზიცია ჟურნალისტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც გამოხატა და საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართა:
„ბატონო პრემიერო! ქუჩური გარჩევა და ვენდეტა თუ წახალისდება და არ დაისჯება კანონის სრული დაცვით რა ხდება? როდესაც თქვენ პრემიერი აღარ იქნებით , მაგალითად, თათუხაშვილის შვილი გადაწყვიტავს, რომ მას მამა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოუკლეს და ვენდეტის გზას მიმართავს თუ სამართლის გზას აირჩევს! საით მივდივართ? უკან 90- ებში სადაც ეს "მოსული " იყო თუ სამართლიან სახელწმიფოს ვაშენებთ?! გულწრფელად მაინტერესებს, თქვენ რომელ მხარეს დგებით? ქუჩის თუ პოლიციის,თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიცია ისევ მილიციაა?!“.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას 3 მაისს, აბაშიძის ქუჩაზე უცნობი, ნიღბიანი და ელექტროშოკით შეიარაღებული პირები მაშინ დაესხნენ თავს, როცა ის მცირეწლოვან შვილთან ერთად სილამაზის სალონში იმყოფებოდა.
დავით კოდუა ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს, თუმცა, გამოძიებაში ჯგუფური თავდასხმის ფაქტი არ ფიგურირებს. თავდასხმიდან რამდენიმე საათში პოლიციაში გამოცხადდა ნოშრევან ნამორაძე, რომელმაც აღიარა, რომ დავით კოდუა პირადი შურისძიების მოტივით სცემა, როცა მას შემთხვევით შეხვდა. დავით კოდუა ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.