
საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ცოტნე მამულაშვილი – მაია ორჯონიკიძის ვაჟიშვილი, რომელსაც 24 ოქტომბერს სასამართლომ 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცოტნე მამულაშვილი სხვა პირებთან ერთად 2013 წლის თებერვალში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს.
ცოტნე მამულაშვილის დედა მაია ორჯონიკიძე შვილის დაკავებას მასზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებდა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შეიქმნა რამდენიმე გვერდი მამულაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ვრცელდებოდა ინფორმაცია წინასწარი გამოძიების პროცესში მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, გაიმართა რამდენიმე აქცია.
ცოტნე მამულაშვილმა საპყრობილე უკვე დატოვა და შინ დაბრუნდა.