
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ვრცელი რეპორტაჟი ტელეკომპანია BBC-მ მიუძღვნა. ჟურნალისტის შეკითხვებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პასუხობდა.
ეთერში თბილისიდან ოპოზიციის წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკიც ჩაერთო და მან მოქმედი ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
იუსტიციის მინისტრმა კი გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით არ დაადასტურა:
„წლევანდელ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი ბევრმა ადამიანმა გააკეთა. თუმცა, რა თქმა უნდა ელექტორატის აქტივობა არ ყოფილა ისეთი მაღალი, როგორც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მიუხედავად ამისა, ამომრჩევლის საკმარისი აქტივობა იყო. ხალხმა ხმა მისცა უკეთეს მომავალს, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. რაც შეეხება იმას, დაიწყება თუ არა სამართლებრივი დევნა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, მე არ ვარ პროკურორი და შესაბამისად, არ ვიცი რა კითხვები აქვს პროკურატურას მასთან. ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს გასამართლება, მაგრამ არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილის დაპტიმრება არ იგეგმება. ასეთი გადაწყვეტიელბა არ არსებობს.
რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავრობა ცდილობს რუსეთთან დაძაბულობის მოხსნას, ამ ყველაფერთან ერთად ვაცხადებთ, რომ ქვეყნის ევროპული კურსი უცვლელია და ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს მიეცემა საშუალება ასოცირების ხელმოწერისა“, - განაცხადა წულუკიანმა.