
ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს დადებითად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ პრემიერის მხრიდან ყოფილი მმართველი გუნდის მუდმივმა კრიტიკამ შეიძლება ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხას წყალი.
„საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, პრემიერის მხრიდან ამის შეხსენების საჭიროებას ვერ ვხედავ.
დღევენდელ ანგარიშში პრემიერმა ძირითადად იმ ცვლილებებზე და სიკეთეებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას მოჰყვა.
ამის შესახებ მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს და თავად პრემიერსაც არაერთხელ უსაუბრია.
უმჯობესია, საზოგადოებამ იცოდეს იმის შესახებ, თუ რას აპირებს მომავალში ხელისუფლება იმისთვის, რომ მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და ასე შემდეგ… კარგი იქნებოდა პრემიერს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის ნაცვლად ამ ასეთ საკითხებზე ესაუბრა“, – განუცხადა „კვირას“ გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება აფხაზი და ოსი ხალხისთვის ავტონომიისა და ევროპული პერსპექტივების შეთავაზებას, ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის შეთავაზებები აქამდეც კეთდებოდა და პრემიერის მიერ ამ კონტექსტში გაკეთებულ შეთავაზებაში განსაკუთრებული სიახლე არ არის.