
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველის გამზირზე 15 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც გამოცხადდა, აქცია აფხაზეთში შექმნილ ვითარებას და იმას უკავშირდება, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ამ საკითხის საერთაშორისო საზოგადოებამდე მისატანად.
„ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ღია, თავხედური ანექსიის მცდელობა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ ამა წლის 15 ნომებერს დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც იქნება ხმის მიწვდენა, როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, საქართველოს მიწაწყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია-ანექსიას.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა საზოგადოებრივ მოძრაობას და თითოეულ მოქალაქეს, ვინც იზიარებს ჩვენს შეშფოთებას მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხოებასა და რუსეთთან მიმართებაში წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის გამო, შემოუერთდნენ ამ აქციას და ვაცხადებთ მზადყოფნას, დავიწყოთ კონსულტაციები ყველასთან 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„დღეს ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობა. გრძელდება ის, რაც 1992 წელს დაიწყო, როგორც კონფლიქტი და ეთნიკური წმენდა, შემდეგ 2008 წელს გაგრძელდა ოკუპაციით და დღეს თითოეული ჩვენგანის თვალწინ, პრაქტიკულად სიჩუმეში და სიმშვიდეში, მიმდინარეობს ამ ყველაფრის საბოლოოდ დასრულების მცდელობა, უკვე აფხაზეთის სამართლებრივი ანექსირების გზით.
დღეს არის უდიდესი გამოწვევა ქართული საზოგადოებისათვის, ქართველი ხალხისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, რათა ყველამ ერთად ვაჩვენოთ, ყველამ ერთად მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს, რომ ჩვენ არასდროს შევეგუებით აფხაზეთის ანექსიას, ჩვენ არასდროს შევეგუებით საქართველოდან მისი ძირძველი ნაწილების ჩამოჭრას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ,რომ ყველამ ერთად გავაკეთოთ აქცია 15 ნოემბერს და მივაწვდინოთ ხმა ყველას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.