
მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულების დადების შესახებ განაცხადა, ქართულ პოლიტიკურ წრეებში ფიქრობენ, დიალოგის რა ფორმატში უნდა გადავიდეს ორი ქვეყნის ურთიერთობა.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეხვედრების „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი ჩიხშია შესული და საჭიროა გაცილებით მაღალი დონის შეხვედრა.
ჯერ კიდევ თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, შეხვდეს თავის ქართველ კოლეგას, მაგრამ შეხვედრა არ შედგა,
არადა, როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოებიც უკვე დაწყებული იყო.
ვანო მაჭავარიანი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი:
- ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს, მათ შორის - შეერთებულ შტატებში.
მაშინ ეს არ მოხერხდა, რადგან მთავრობამ არ მოინდომა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა და ის ჩაიშალა. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
დღეს კი სხვა ვითარებაა, მდგომარეობა გართულდა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის ორგანიზება ძნელია,თუმცა თუ პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვებიან, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და ეს აუცილებელიცაა, რადგან რუსეთმა სოხუმთან ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა.
ambebi.ge