-
2014-10-20 10:24
პირი, რომელმაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა და ხელჩართული ჩხუბი გამოიწვია, ახალგაზრდა პოეტი ბიჭი ივანიშვილია.
"ნეტგაზეთის", ასევე სხვა მედიარესურსების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს (თანდართულ ვიდეოში ქრონომეტრაჟი 7:00-დან), რომ ბიჭი ივანიშვილი რამდენჯერმე მიდის აქციის მონაწილეებთან, ბოლოს კი მათ აგინებს.
მისი მხრიდან გინებაზე რეაქცია არა აქვს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, ის რაციით დამატებით ჯგუფს იძახებს და პოლიცია მოქმედებაზე გადადის, რა დროსაც აქციის მონაწილეებს აკავებენ. კადრებში ასევე კარგად ჩანს, რომ ჩხუბის გამომწვევი პირები პოლიციელთა ზურგსუკან ექცევიან და მათ არ აკავებენ - ერთი პოლიციელი მათ ტერიტორიიდან მოშორებით აცილებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით აქციის 5 მონაწილე დააკავა, მათ შორის ერთი გოგონა და "ტაბულის" ფოტოგრაფი. შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამვლელებს და უხეშად დაარღვიეს "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონი.
შენიშვნა: თან ერთვის "ნეტგაზეთის" ვიდეო