
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსოს მოვალეობის შემსრულებლად "ქართული ოცნების" წევრი, ამნისტირებული პირი არმაზ ხარძიანი დაინიშნა, რომელმაც 2010 წელს ყაზბეგის გამზირზე ლომბარდი ორჯერ დააყაჩაღა.ყაჩაღობის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და "მოამბის" არქივშია დაცული.
სკანდალური დანიშვნის შესახებ "თავისუფალი ზონა" იუწყება. არმაზ ხარძიანმა დაყაჩაღების დროს პისტოლეტი გამოიყენა. მის მიერ გატაცებული თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი მაშინ პოლიციამ ჩხრეკის დროს ამოიღო. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა. ხარძიანმა მედიას არაერთხელ მისცა ინტერვიუ და აღნიშნა, რომ მასზე ნადირობა გაზეთში თბილისის მერის, გიგი უგულავას ავსტრიაში ყოფნის სკანდალური ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.
"ლომბარდის გვერდით მდებარე მაღაზიაში შესულს ლომბარდის დაყაჩაღება დამედო ბრალად. რომ დამიჭირეს, პირველი, რაც მკითხეს, ეს იყო - "სად მუშაობ?" - ნაცვლად გვარისა და სახელისა. განყოფილებაში ფეხში დამჭრეს პოლიციელებმა და სისხლისგან დაიცლები, თუ არ აღიარებო, მეუბნებოდნენ", - ჰყვება ხარძიანი.
არმაზ ხარძიანი: წლების წინ, რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ლალი აფციაურის ქმარზე გაზეთ "ყველა სიახლეში" გამოვაქვეყნე სტატია. აღნიშნულ სტატიაში აღწერილი იყო ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა, რომელშიც აფციაურის ქმარი მონაწილეობდა და რომლის დროსაც პატარა ბავშვს თითები დააჭრეს. ამის შემდეგ ლალი აფციაურმა ჩემი ნაცნობის მეშვეობით შემომითვალა, რატომ დაწერე ასეთი სტატიაო? ჩემი პასუხი უხეში იყო, შევუთვალე, ვიღაცას უფლება აქვს პატარა ბავშვს თითები დააჭრას და ვიღაცას ამის დაწერის უფლება არა აქვს-მეთქი? ალბათ, ამის გამო იძია აფციაურმა შური.".