
ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდრე მაშკევიჩი საქართველოში ინვესტიციების ჩადებას, სავარაუდოდ, ფარმაცეფტულ სფეროში გეგმავს. ისრაელში მოღვაწე მილიარდერი უკვე თბილისში იმყოფება.
„კურიერის“ ინფორმაციით, მან გვიან საღამოს არაოფიციალური შეხვედრა გამართა ქართველ მინისტრებთან. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.
რესტორან „ფაეტონში“ გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ თავად მაშკევიჩს საქართველოში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, მან „კურიერთან“ გასაუბრება არ ისურვა.
იქნება თუ არა ჩხარტიშვილი იმ პროექტში ჩართული, რომელიც შესაძლოა მაშკევიჩმა საქართველოში განახორციელოს, ჯერჯერობით უცნობია. გუშინდელ შეხვედრაზე დამატებითი განმარტებები არც ერთ სამინისტროში არ გაკეთებულა.
როგორც ცნობილია, ალექსანდრე მაშკევიჩი ბიძინა ივანიშვილის მეგობარია. იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი ჯანდაცვის სფეროში ინვესტირებით იყო დაინტერესებული, ყოფილმა პრემიერმაც არაერთხელ განაცხადა. იგი საქართველოში ივანიშვილის ინიციატივით შარშანაც იმყოფებოდა, იგი ყოფილი პრემიერის ინიციატივითვე შექმნილი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ დამფუძნებლადაც სახელდება.