-
2014-10-13 13:07
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ზოგადი პასიურობა არის ერთ-ერთი ნიშანი ამ ხელისუფლების. ეს არის მათი პლუსიც და მინუსიც.
„ისინი არ არიან ისე აგრესიულად განწყობილი საზოგადოების მიმართ, როგორც წინა ხელისუფლება იყო.
ეს კარგია, ასევე ადვილად მიდიან დათმობებზე, თუკი საზოგადოება მიუთითებს რაიმე შეცდომაზე, მაგრამ თავისი ხასიათით ისინი არიან პასიურები. მათ შორის სამართლიანობის აღდგენის კუთხით.
ამ პასიურობას კი აქვს თავისი გამოძახილები, მე ვიტყოდი, უცხოეთშიც, იმიტომ, რომ ის კრიტიკა და ამ პროცესის შინაარსის შემოტრიალება, რაც ხდება, არიქა პოლიტიკური დევნაა და არა სამართლიანობის აღდგენა, როგორც ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი წარმოაჩენს ამ საქმეს, ესეც ამ ხელისუფლების პასიურობის პროდუქტია...
ის თუ რატომ შეხვდა პრეზიდენტი ტელევიზიის წამყვანებს, ნიშნავს, რომ პრეზიდენტი საინფორმაციო მხარდაჭერის გარანტიებს იღებს.
ეს ბუნებრივი ამბავია, პრეზიდენტს სჭირდება ძალაუფლება და ის ამ ძალაუფლების გამტკიცების გზით მიდის. მას აქვს სურვილი, მორალური ძალა მაინც ჰქონდეს, რომ ადვილად არ დააჩაგვრინოს თავი ოპონენტებს...
მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ სახელისუფლებო კრიზისის ნიშნებს, სანამ ამ ხელისუფლების ალტერნატივად იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, სახელისუფლო გუნდის მიმართ უკმაყოფილება არასოდეს მიაღწევს პიკს. იმიტომ, რომ უფრო დიდი უკმაყოფილების წყარო არის „ნაციონალური მოძრაობა“.
ხალხის აღქმაში არის ასეთი რამ დალექილი, თუ ეს ხელისუფლება წავა, შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს. საზოგადოებისთვის კი მათი მოსვლა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ის პასიურობა, რომელსაც ამ ხელისუფლებას უჩივიან“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
„კვირის ქრონიკა“