
„საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გმობს რუსეთის აგრესიას და აცხადებს, რომ საქართველოს დასავლეთისკენ აქვს კურსი აღებული,“- ასეთი სათაურით მოხვდა ”ფორბსის” ამერიკულ გამოცემაში გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქართულმა „Forbes-მა“ ჩაწერა.
„პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელიც თავდაპირველად პრორუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის პროტეჟე იყო, ცოტა ხნის წინ საკუთარი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებთან უთანხმოება ჰქონდა, ახლა კი უფრო დამოუკიდებელი და შეუპოვარი გახდა, თუმცა საქართველოს კურსზე ქვეყნის შერეული მესიჯები შეკითხვებს ბადებს,“ - წერს ავტორი.
სტატიის დასაწყისში აღნიშნულია, რომ შესაძლოა ქართული პოლიტიკა ამჟამად შეერთებული შტატების რადარებზე არ ჩანს, მაგრამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში პოლიტიკური ცხოვრება აქტიური და კვლავ დასავლეთისკენ ორიენტირებული რჩება.
ამერიკული "Forbes" ასევე წერს, რომ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაადასტურა ქვეყნის კურსი ევროკავშირისა და ნატოსკენ და დაგმო რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ, თუმცა, ამავდროულად, იგი მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენის იდეის მიმართ ლოიალური რჩება.
მომზადებულია ,,რუსთავი2"–ის მიერ.