
იურისტი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტს იმაზე მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ეს საზოგადოებას ჰგონია.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვისი პრეროგატივაა? რა თქმა უნდა, პრეზიდენტის.
ხომ არ უნდა ვინმეს შევახსენო, რა ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს?! საკმარისია სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზარალი, ან პირობითად, 5 ადამიანის ერთდროულად გარდაცვალება, რომ ქვეყნის მთავარსარდალს უფლება აქვს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.
ამ დროს აღარ იარსებებს არც პარლამენტი, არც მთავრობა, 48 საათში დააპატიმრებს ნახევარ საქართველოს, მათ შორის მთავრობას.
რა თქმა უნდა, ამას მარგველაშვილი არ იკადრებს, მაგრამ თუკი მის გვერდით სამხედროები აღმოჩნდებიან, ეს ნიშნავს, რომ ეს მექანიზმი შეიძლება ამუშავდეს. ასე რომ, ნუ უკიჟინებენ მარგველაშვილს, რომ ის არის უუფლებო პრეზიდენტი, მას შეუძლია ერთ დღეში შეცვალოს ყველაფერი“, - აცხადებს იურისტი.
გელბახიანის თქმით, მარგველაშვილს შეუძლია პარლამენტში კანონპროექტის შეტანა, რომ ხალხს ანაბრები დაუბრუნონ და თუ პარლამენტი ამაზე უარს იტყვის, დემონსტრაციებიც დაიწყება.
„რას ჰქვია პარლამენტმა ხალხს უარი უთხრა, პრეზიდენტი მართალია. მარგველაშვილს შეუძლია, 5 წუთში გააშავოს პარლამენტის იმიჯი.
თუ ეს არ არის საკმარისი, გადავიდეთ უფრო მწვავე საკითხზე. პრეზიდენტს შეუძლია ჩაატაროს რეფერენდუმი, მაგალითად, დავითხოვოთ თუ არა პარლამენტი. როგორ ფიქრობთ, ხალხი მხარს არ დაუჭერს?
ამ პრეზიდენტზე მიმტკიცებენ მე, რომ უუფლებოა?! მარგველაშვილის სახით, ცეცხლს ეთამაშებიან! ამიტომ ფრთხილად, ამ ბრძოლაში წააგებთ, ბატონებო, რადგან პრეზიდენტს გაცილებით ძლიერი პოლიტიკური ბერკეტები აქვს, ვიდრე მთავრობას“, - აცხადებს გელბახიანი.
„ალია“