
პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორების" ლიდერის ირაკლი ღლონტის განცხადებით, "იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის პრეზიდენტისგან მოსაწვევი პერსონლურად ირაკლი ღარიბაშვილს არ მოსვლია, ერდოღანის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტი უნდა დაესწროს".
"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ანკარაში ახლადარჩეული პრეზიდენტის, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციაზე მიემგზავრება.
სააგენტო "აქცენტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსაწვევი გამოგზავნილია არა პერსონალურად პრემიერ-მინისტრის სახელზე, არამედ საქართველოს სახელმწიფოს სახელზე და თუ ეს სიმართლეა ინაუგურაციას უნდა დაესწროს საქართველოს პრეზიდენტი.
გაუგონარი სიტუაციაა საქართველოში - ჩვენ მივიღეთ გაუკუღმართებული ორხელისუფლებიანობა და ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.
იმ ფონზე, რომ პრემიერ მინისტრის ინიციატივის გამო ქვეყანაში დგას კონსტიტუციური გადატრიალების ნიშნები, ვფიქრობ საზოგადოება სოლიდარული უნდა გახდეს უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის - პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ყველას მოუწოდოს მისი პატივისცემისაკენ, მათ შორის პრემიერ მინისტრს და მის გუნდს.
მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუყონებლივ გაასაჯაროოს მოსაწვევის ტექსტი და თუ პერსონალურად მიწვეული არ არის პრემიერი ინაუგურაციაზე უნდა წაბრძანდეს პრეზიდენტი"- აცხადებს ირაკლი ღლონტი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 28 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.
"აქცენტი"