
ამერიკელი სენატორები - დემოკრატი კრის მერფი და რესპუბლიკელი რონ ჯონსონი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენას ეხმიანებიან და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, "შეზღუდული დრო და რესურსები" წარსულის დევნის ნაცვლად, მომავალზე ფოკუსირებისთვის გამოიყენონ.
სენატორების ერთობლივი რელიზის შესახებ ინფორმაციას "ტაბულა" აქვეყნებს.
"ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, რომელმაც პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველად უზრუნველყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფასებთ მიზანს, აღმოიფხვრას ყოფილი თანამდებობის პირების ხელშეუხებლობის კულტურა, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდება, მაშინ როდესაც ბრალდებულია ყოფილი პრემიერ მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მთავარი პროკურორი, ქმნის აღქმას იმისა, რომ მმართველი კოალიცია სისტემატურად ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების დევნას.
ჩვენ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერები, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას თავიანთი შეზღუდული დრო და რესურესები ისეთ მნიშვნელოვან საქმეს მოახმარონ როგორიცაა ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკის გაზრდა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა.
მაშინ, როდესაც საქართველოს წინ მნიშვნელოვანი გამოწვევები ელის, ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და ფოკუსირდეს მომავალზე, ნაცვლად წარსულის დევნისა", - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.