
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის თქმით, პარლამენტში რეგლამენტი უნდა მოქმედებდეს და არა დავით უსუფაშვილის წესები, რომელმაც მას მიკროფონი გამოურთო.
საქმე იმაშია, რომ ხაჩიძემ სესიაზე მობილურ ტელეფონში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების ჩართვა სცადა, სადაც ის 10 და 20-წლიან უფასო კრედიტებზე საუბრობს.
დეპუტატის განცხადებით, მას სურდა ირაკლი ღარიბაშვილისთვის ის დაპირებები შეეხსენებინა, სადაც ბიძინა ივანიშვილი უპროცენტო კრედიტებს, უფასო ფულს ჰპირდებოდა ხალხს.
„მინდოდა, რომ პრემიერისთვის პირველწყაროსგან შემეხსენებინა ეს დაპირება, რისი საშუალებაც არ მომცა ბატონმა დავით უსუფაშვილმა, ქართული პროცედურული დემოკრატიის მამამ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ასე იქცევა და არღვევს რეგლამენტს.
ამ პარლამენტში ჯერ კიდევ მოქმედებს რეგლამენტი და არა უსუფაშვილის წესები. ეს იყო დარღვევა და არანაირი უფლება არ ჰქონდა მას რომ შეეწყვეტინებინა ჩემთვის სიტყვით გამოსვლა", – აღნიშნა ხაჩიძემ.