
მე არ მსურს წინასწარი მოლოდინების შექმნა, უნდა დაველოდოთ უელსის სამიტს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო ნატო-ს სამიტზე ინდივიდუალური თანამშრომლობის პაკეტის შესაძლო მიიღებასთან დაკავშირებით საუბრისას.
პრემიერი ურჩევს საზოგადოებას, არ გააკეთონ შედარება წინა ხელისუფლებასთან, რადგანაც ახალი ხელისუფლება არ აპირებს უელსის სამიტის შემდეგ იმის მტკიცება დაიწყოს, რომ ,,მაპ“–ზე უკეთესი მივიღეთ.
"მე გირჩევდით, რომ საერთოდ არ გააკეთოთ შედარება ჩვენს ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი დაპირებები და ცრუ მოლოდინები ჰქონდათ მათ და საბოლოო ჯამში მოსახლეობა გამოდიოდა იმედგაცრუებული. ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად გულწრფელი.
ჩვენ არ ვქმნით წინასწარ მოლოდინებს. უნდა დაველოდოთ უელსის სამიტის წინასწარ შედეგებს. მანამდე მე არ მსურს, რომ წინასწარი მოლოდინები გავაჩინო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენმა ქვეყანამ მართლა ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია. ჩვენმა დემოკრატიამ ბოლო 18 თვის განმავლობაში განიცადა ძალიან დიდი წინსვლა და ამის არდანახვა იქნება შეუძლებელი. წინ გვაქვს ყველაფერი, ძალიან ბევრი სამუშაო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,იმედის“ ეთერში.