-
2014-06-23 11:02
პრეზიდენტმა საკუთარი ადმინისტრაცია რამდენიმე დღის წინ დავით პატარაიას ჩააბარა. როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, დავით პატარაია ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი გენერალური მდივანია.
„ამჯერად შეკითხვები დავით პატარაიას მიმართ გაჩნდა. როგორც ჩანს, მას ბავშვობიდანვე ძლიერი ხელი იცავდა. 1992 წელს ის უკვე იმ სახელმწიფო საბჭოს ერთ-ერთი წევრია, რომელსაც შევარდნაძე მეთაურობს.
მაშინ ის სტუდენტი იყო. და რა თქმა უნდა, აქ ის შემთხვევით არ მოხვდებოდა. თუმცა, ეს სულაც არ არის დიდი საოცრება. განსაკუთრებით იმ პერიოდში. ნინო ბურჯანაძეც ხომ ასე მოხვდა პოლიტიკაში, მამამ სთხოვა შევარდნაძეს.
...დავით პატარაია გენერალური მდივნის ამპლუაში პრესკონფერენციებსაც მართავდა და უსამართლო საარჩევნო გარემოზე საუბრობდა. დავით პატარაია მაშინდელ ხელისუფლებას, ანუ „ნაციონალებს“ ზეწოლის გამო აკრიტიკებდა. და ესეც არ არის დიდი საოცრება, ზეწოლებზე მაშინ ოპოზიციაში აქტიურად საუბრობდნენ.
თუმცა, გაუგებარია, თუკი თავად პრეზიდენტი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის პროდასავლურ ღირებულებებს უჭერს მხარს, მაშინ რად უნდა პროპუტინური პარტიის გენერალური მდივანი ადმინისტრაციის უფროსის ამპლუაში? ეს შემთხვევითია?
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა რომ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულებები, რომ კოალიციაში დარჩება, მანამ სანამ თავად კოალიცია იქნება ამ ღირებულებების მატარებელი. ამ განცხადების ფონზე კი ბევრს გაუჭირდება, დავით პატარაია ამ ღირებულებებში ჩასვას. ის, უბრალოდ, წევრი კი არა, ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივანი გახლდათ.
ვანო მაჭავარიანის გამო მარგველაშვილს ყოველთვის ნაციონალებთან აკავშირებდნენ, ახლა ის, წესით, ნინო ბურჯანაძესთან უნდა დააკავშირონ?
პაატა დავითაიას ბიოგრაფია პრეზიდენტის საიტზე არ დევს. მშრალი ინფორმაცია ასეთია: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია დაინიშნა. დავით პატარაია 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. დავით პატარაია კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, შემდგომ კი – იურიდიულ ფაკულტეტზე. არის სამართლის დოქტორი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი“, - წერს „პრაიმტაიმი“.