
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მოახლოებულ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საფრთხე ბევრად უფრო აქტიური იქნება.
ამის შესახებ მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ექსპერტების პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა:
"პრაქტიკულად უკრაინის თითქმის 2/3 ტერიტორიაზე იმყოფებიან სხვადასხვა ტიპის ჯგუფები, რომელთა იდენტიფიცირება შეიძლება როგორც რუსული სამხედრო ან სადაზვერვო სტრუქტურის თანამშრომლების. ასე რომ, უაღრესად რთული ვითარებაა დღეს უკრაინაში. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ ანალოგიებს, საქართველომ მას მერე რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, მუდმივად საფრთხის ქვეშ არის სხვადასხვა ფორმით, ეს დამოკიდებულია როგორც გარეშე ფაქტორებზე, ასევე შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე.
მე ვთვლი, რომ მოახლოებულ ნატოს სამიტთან დაკავშირებით ბევრად უფრო აქტიური იქნება საფრთხე, ბევრად უფრო აგრესიული და გარდაუვალიც, იმ გადასახედიდან რაც დღეს უკრაინაში ხდება, თუ სიტუაცია არ შეიცვალა იქ, თუ დასავლეთი ბევრად უფრო მკაფიო, გასაგები და აგრესიული არ გახდა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.