
ტრისტან წითელაშვილი, რომელმაც რუსულ ტელეარხებს განუცხადა, რომ კიევში სნაიპერთა ერთ ჯგუფს გია ბარამიძე და გივი თარგამაძე ხელმძღვანელობდნენ, კოდაში დისლოცირებული ბრიგადის მეთაურის მოადგილედ ყოფნისას იარაღით ვაჭრობაში იყო შემჩნეული.
ამას ადასტურებს "რუსთავი2"-ის გადაცემა "60 წუთის" ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ფარული კამერით აღჭურვილი "იარაღის შემსყიდველი" ტრისტან წითელაშვილს იარაღის დაკვეთას აძლევს, ხოლო ბატალიონ "ავაზას" ყოფილი მეთაური, რომელსაც ამ ჩეჩენი "შემსყიდველის" ვალიც აქვს, ეუბნება, რომ იარაღს ვერ მიაწოდებს, რადგან გააფრთხილეს, მაგრამ სამაგიეროდ გაიტაცებს კომპანია "სარაჯიშვილის" მფლობელს ბუბუტეიშვილს და გამოსასყიდის მიღების შემდეგ ვალს გადაიხდის.
ამავე ფარულ ინტერვიუში ტრისტან წითელაშვილი ამბობს, რომ ხიზრი ალდამოვი ადრე იარაღს მისგან ყიდულობდა, ახლა კი სხვას უკვეთავს და ამას არ აპატიებს.
სიუჟეტის მთავარი პერსონისადმი მიმდინარე მომენტში არსებული მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ "რუსთავი2"-ს მიერ თავის დროზე მომზადებულ სკანდალურ სიუჟეტს გადაცემაში "60 წუთი".