-
2013-06-06 11:02
ოფიციალური მოსკოვი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონის გაუქმებას ითხოვს, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითვალისწინებს მათ მიმართ, რომლებიც აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გარეშე გაემგზავრებიან.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"მთავარი, რაც ჩვენს ტურისტებს საფრთხეს უქმნის, არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა აფხაზეთსა და ოსეთში სტუმრობის გამო. ჩვენ ვთვლით, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ამ კანონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება", - განაცხადა კარასინმა.
ამასთან, კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს მუშაობას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე.
რუსი დიპლომატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფორმატი ამოქმედდა, რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბევრ საკითხში მოძრაობები შეინიშნება.
"ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ეს ეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას. უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენ გავაფართოვეთ ჰუმანიტარული ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ასევე ეხება სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროს, კულტურის და სპორტის სფეროში ურთიერთობებს. ამ ხაზს ჩვენ გავგრძელებთ",-განაცხადა კარასინმა.