
“კონსერვატორები“ უმრავლესობის რიგებს ტოვებენ, რადგან, მათი თქმით, მთავრობაში პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებას იღებენ. ამის შესახებ ინფორმაცია „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური ავრცელებს.
„მე, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა და ამავე დროს „კონსერვატიული ფრაქციის“ წევრმა მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის რიგების დატოვების და თანამდებობის დატოვების შესახებ და ეს გადაწყვეტილება განაპირობა გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშესაც, რომ ჩვენ ასეთი ტიპის ცვლილება განვახორციელეთ. ჩვენი იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც საქართველო ბოლო 8 წელია იმყოფება, შეიცვლებოდა პოლიტიკური ცვლილებით, დივერსიფიკაცია მოხდებოდა პოლიტიკურ მინდორზე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემოდა შესაძლებლობა, მომხდარიყო მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა.“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის უკვე ყოფილმა მოადგილემ.
მიუხედავად პოზიციის დატოვებისა, ზვიად ძიძიგურს დეპუტატის მანდატზე უარი არ განუცხადებია მისი თქმით „პოლიტიკური სარბიელიდან“ წასვლას არ გეგმავს.
ზვიად ძიძიგურის გარდა საპარლამენტო უმრავლესობა ასევე ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამაც დატოვეს.
ნინო გოგუაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციის დატოვების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ პროექტის ინიცირება გავაკეთეთ და ჩვენ თვითონ დავარწმუნეთ საზოგადოება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ გადაწყვეტილებაზე უარი არ უნდა ეთქვათ. ეს ჩემთვის ახსნადი არ არის. მე თვითონ ბევრი ვისაუბრე ჩვენს მოსახლეობასთან, ასევე ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ქვეყნისთვის. ამიტომ, მე დღეს ძალიან გამიჭირდება ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება და არ მივიდა ბოლომდე. ჩემი შემდგომი საქმიანობის ადგილს ვერ ვხედავ ისევ იმ უმრავლესობის პირობებში და სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების მიღება მიწევს. რაც შეეხება კონსერვატიულ პარტიას, ბუნებრივია, ის გააგრძელებს საქმიანობას“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ
პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება ასევე გიგა ბუკიამაც გააკეთა და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პროტესტი გამოთქვა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაცემული პირობების დაცვა. „კონსერვატორები“ მუდამ ვიცავდით და დავიცავთ ჩვენ მიერ საზოგადოებისთვის მიცემულ პირობებს. არანაირ შემთხვევაში, პირადი ან პოლიტიკური ინტერესის გამო, ჩვენს ნათქვამზე უარი არ უნდა ვთქვათ", - განაცხადა გიგა ბუკიამ.