
ახალგაზრდული ორგანიზაცია "რეფორმერი" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყვიავში ახალგაზრდებისთვის პროგრამული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების სასწავლო კურსი გაიარა ადგილობრივი თემის თხუთმეტმა მოზარდმა, რომელთაგან ხუთი მოზარდი სამუშაო კონტრაქტით დასაქმდა კერძო კომპანიებში.
"რეფორმერმა" აღნიშნული პროექტი განახორციელა იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით. ეს "რეფორმერის" და იუსტიციის სამინისტროს მეორე ერთობლივი პროექტია, პენიტენციალურ სისტემაში გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირების სასოფლო- სამეურნეო სამუშაოებში ჩართვის შემდეგ. როგორც "რეფორმერის" დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, ორგანიზაციის ეგიდით სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები სხვა რეგიონებშიც განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ მომზადებას შრომითი ბაზრისთვის.