
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წოანში დაკლების საიდუმლო ლვოვში გამართულ ბრიფინგზე გაამხილა.
მაშინ, როცა ვიქტორ პინჩუკის (უკრაინელი მილიარდერი, რომელიც მუდმივად შედის ყველაზე მდიდარ უკრაინელთა ათეულში. "ფორბსის" მონაცემებით, მისი ქონება ამ დროისთვის 1, 13 მილიარდი აშშ დოლარია,-რედ.) კუთვნილი ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობდა იმის შესახებ, თუ რა ღირს ნომერი ლვოვოის სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:
"მე ვარშავასთან ახლოს, 80 ჰექტრის მოცულობის ტყესთან ვცხოვრობდი. იქ ყოველდღე ათასობით ადამიანი დადის, რომ ველოსიპედით ისეირნოს და იმოძრაოს. მე როგორ გავხდი, იცით? ყოველდღე, ორი საათის განმავლობაში, ველოსიპედით ვსეირნობდი. აი, პინჩუკს კი 120 ჰექტარი ტყე აქვს პრივატიზებული", - აღნიშნა მან.