
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ლვოვში, სასტუმრო "ლეოპოლისში" ამ დრომდე იმყოფება, აცხადებს, რომ დღეს-ხვალ ლვოვს დატოვებს და უკრაინის რეგიონებს შემოივლის. მისი თქმით, პასპორტი, რომელიც შეგინის პუნქტთან ავტობუსიდან მოჰპარეს, ამჟამად პოროშენკოს კაბინეტშია.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეგინის პუნქტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ, ჟურნალისტებისა და ადვოკატების თანდასწრებით გადასცა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მაუწყებელი დოკუმენტი, ამბობს, რომ ის აუცილებლად ჩავა კიევში, თუმცა, თარიღი არ დაუსახელებია.
"მე მომიწევს სახმელეთო ტრანსპორტით სარგებლობა, რადგან საჰაერო ტრანსპორტს უპასპორტობის გამო ვერ გამოვიყენებ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა პასუხი გასცა ასევე შეკითხვებს მის ანაზღაურებასთან, სასტუმროში ცხოვრების ხარჯთან და ზოგადად, ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ოლიგარქ ვიქტორ პინჩუკის (უკრაინელი მილიარდერი, რომელიც მუდმივად შედის ყველაზე მდიდარ უკრაინელთა ათეულში. "ფორბსის" მონაცემებით, მისი ქონება ამ დროისთვის 1, 13 მილიარდი აშშ დოლარია,-რედ.) კუთვნილი არხის ICTV-ის ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა ღირს ნომერი, სადაც სააკაშვილი სასტუმროში ცხოვრობს:
"ეს რომელი არხია? აჰა, ICTV... ჩემი ნომერი ღირს უფრო იაფი, ვიდრე პინჩუკის უზარმაზარი კატის სადილის ერთი დოზა. ერთხელ შევხვდი პინჩუკს და ძალიან დიდი კატა ჰყავს, მოკითხვა გადეცით ჩემგან და უთხარით, რომ სწორედ მას უნდა, უკრაინა არ შევიდეს ნატოში, არ შევიდეს ევროკავშირში და რომ ის ოცნებობს, პუტინის გეგმები ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით ახდეს. მას უნდა, რომ უფრო მეტი ქარხანა მისცენ, ვიდრე კუჩმას დროს და უნდა, რომ პუტინს ისევ მიჰყიდოს უკრაინის ქონება", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.