ენმ-ს პოლიტსაბჭო ყრილობის ფორმატის ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს აირჩევს

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო 30 ნოემბერს შეიკრიბება და 14:00 საათიდან დაიწყებს განხილვას, როდის და რა ფორმატით უნდა ჩატარდეს პარტიის ყრილობა. ამ დროისთვის ორი ვარიანტი არსებობს: 27 დეკემბერს, 2.000 დელეგატით და 20 იანვარს, 7.000 დელეგატით.

აზრთა სხვადასხვაობა პარტიის ყრილობის ფორმატთან და დელეგატთა რაოდენობასთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პოლიტსაბჭოს ცალკეული წევრები, მათ შორის დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი და სხვები ყრილობისთვის 2.000 დელეგატს საკმარისად მიიჩნევენ, ხოლო სხვები, მათ შორის ჩიორა თაქთაქიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ნუგზარ წიკლაური მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უჭერენ მხარს და პოლიტსაბჭოს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობენ, 7.000 დელეგატით.

 

შეგახსენებთ, 2.000 დელეგატიანი ყრილობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ენმ-ს დამფუძნებელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გამოთქვა, როცა განაცხადა, რომ ყრილობის ჩატარება 2.000 დელეგატით აქტივისა და ამომრჩევლის არასათანადო პატივისცემა იქნება.

 

პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით მიიღებს. პარტიის წესდებაში ყრილობის დელეგატთა ზუსტი რაოდენობა და მათი არჩევის წესი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. იქ მხოლოდ ქვედა ზღვარია მითითებული და აღნიშნულია, რომ ყრილობას უნდა ჰყავდეს არანაკლებ 200 დელეგატისა, ხოლო მათი აღცევის წესს განსაზღვრავს პოლიტსაბჭო.

 

პოლიტსაბჭოში წარდგენილი ორი ვარიანტიდან ერთერთი ლევან თარხნიშვილის წარდგენილია. თარხნიშვილი პარტიის სამდივნოს გავლით შექმნილი იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელსაც ყრილობაზე, მის ფორმატზე მუშაობა დაევალა. 

 

ამ თემაზე "ნეტგაზეთთან" საუბრის დროს ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ "დელეგატების დასახელების უფლება ექნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 64 რაიონულ ორგანიზაციას (მათ შორის ერთი თბილისია). მისივე თქმით, იმ რაიონულ ორგანიზაციებს, რომლებმაც არჩევნებზე სხვებთან შედარებით უფრო მეტი ხმის მობილიზება და უკეთესი პროცენტული მაჩვენებლის მოგროვება შეძლეს, წახალისების პრინციპიდან გამომდინარე უფრო მეტი დელეგატის არჩევის საშუალება ექნებათ.

 

თარხნიშვილი ამბობს, რომ ამას სპეციალური ფორმულით ადგენენ ადგილზე მიღებული ხმებისა და პროცენტული მაჩვენებლის ნამრავლის შედეგად გამოყვანილი კოეფიციენტით. მისივე თქმით, ანალოგიური პრინციპის საფუძველზე დელეგატების არჩევის მეორე წყარო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნები იქნება და იქ უკვე არა ამა თუ იმ რაიონული ორგანიზაციის მიერ ნაჩვენები პროპორციული შედეგია მნიშვნელოვანი, არამედ კონკრეტულად მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ მაჟორიტარულ ოლქებში დაფიქსირებული მონაცემი, რადგან სწორედ კანდიდატები დაასახელებენ დელეგატებს.

 

პროექტის მიხედვით, დელეგატის მანდატს ავტომატურად მიიღებენ რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრები.

 

გარდა ამისა, ზემოხსენებული სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტით, პარლამენტში ენმ-ის სიით გასულ 27 დეპუტატს 3-3 დელეგატის დასახელების უფლება ექნება. ამასთან, ენმ-ის საარჩევნო სიის 200-მდე წევრს დელეგატის მანდატი ავტომატურად ენიჭება.

 

დელეგატის მანდატით აღიჭურვება აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 5 წევრი ენმ-დან, ასევე, პარტიის “პარტნიორ ორგანიზაციებს” მიეცემათ საშუალება, რომ 5-5 დელეგატი წარადგინონ ყრილობაზე. თარხნიშვილი ამბობს, რომ ამ ორგანიზაციების ვინაობას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, საუბარია “თავისუფალი ზონის” ტიპის ორგანიზაციებზე.

 

“გარდა ამისა, ჩვენ გამოვყავით სეპციალური კვოტა, 10-10 ადგილი დევნილებისთვის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან”, – ამბობს ლევან თარხნიშვილი.

 

სამუშაო პროექტის მიხედვით გამოდის, რომ ყრილობაში, ჯამში, 2158 დელეგატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

 

მეორე ვარიანტი პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილმა მოამზადა. მათგან ერთერთი ზაზა ბიბილაშვილია. ასევე, "ნეტგაზეთთან" საუბარში ის ამბობს, რომ ყრილობა მინიმუმ 7000 დელეგატით უნდა განისაზღვროს. პირველი ვარიანტისაგან განსხვავებულია ფორმულა, რომელსაც პოლიტსაბჭოს ალტერნატიული ვარიანტის ავტორები სთავაზობენ. ამ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებში მიღებული 70 ხმა = 1 დელეგატს:

 

ე.წ. მეორე ვარიანტის მიხედვით, ენმ-ის VII ყრილობის დელეგატები ავტომატურად არიან: ენმ-ის პარლამენტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს ენმ-ის დეპუტატები, 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს ენმ-ის დეპუტატები, ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრები, ენმ-ის რაიონული და საქალაქო პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და საკრებულოების წევრები, 2016 წლის არჩევნების დროს ენმ-ის პარლამენტის პარტიული სიის კანდიდატები და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის კანდიდატები, 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებზე ენმ-ის მიერ დასახელებული პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

 

პროექტის თანახმად, დელეგატების შერჩევის წყაროები არიან რაიონული და საქალაქო პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და 2016 წლის არჩევნებზე ენმ-ის მიერ დასახელებული პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, პარტიასთან აფილირებული ორგანიზაციები და ჯგუფები.

 

დოკუმენტში წერია, რომ რაიონული და საქალაქო პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების და 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებზე ენმ-ის მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ შესარჩევი დელეგატების ოდენობა განისაზღვრება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით;

 

თითოეული პარტიული ორგანიზაციის დელეგატების კვოტის ოდენობის განსასაზღვრად გამოიყენება სპეციალური კოეფიციენტი, რომელიც შეადგენს პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ყოველ 70 ხმაზე 1 დელეგატს.

 

ყრილობის დელეგატობის კანდიდატებს შეარჩევენ პარტიული გაერთიანების თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანდიდატი/კანდიდატები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ რაიონში ენმ-ს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პროექტის მიხედვით, მათ ფუნქციებს ახორციელებს პარტიის რეგიონალური წარმომადგენელი. “პარტიული გაერთიანების თავმჯდომარემ და მაჟორიტარობის კანდიდატი/კანდიდატებმა დელეგატების შერჩევისას, როგორც წესი, უნდა გაითვალისწინონ საპარლამენტო არჩევნებში უბნებზე მიღებული შედეგები და დელეგატები შეარჩიონ ენმ-ის საუბნო წარმომადგენლობიდან”.

 

პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარტიის თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვერ აღწევენ შეთანხმებას დელეგატების შერჩევის საკითხში, მოწვეულ უნდა იქნეს რაიონული კონფერენცია. რაიონული კონფერენცია ღებულობს გადაწყვეტილებას დელეგატების შერჩევის შესახებ.

 

ე.წ. მეორე ვარიანტის მიხედვით, ყრილობაზე დელეგატების წარდგენის უფლება აქვთ ენმ-სთან აფილირებულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს".

 

როგორც წარმოდგენილი პროექტებიდან ჩანს, ძირითადად, დავა ეხება ყრილობის ჩატარების თარიღს, დელეგატთა რაოდენობას და იმას, უნდა აირჩიონ თუ არა ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე, თუ ეს თანამდებობა დარჩება ვაკანტური, როგორც მინიმუმ, იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დასრულდება. 

 

რაც შეეხება დელეგატთა რაოდენობას, 2.000 დელეგატის კმარობას "ნეტგაზეთთან" საუბარში ლევან თარხნიშვილი ასე ასაბუთებს:

 

“არგუმენტი ძალიან მარტივია. საერთაშორისო გამოცდილებას რომ გადავხედოთ, როგორც წესი, ყრილობა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება (და საზეიმო ღონისძიება არ არის), 1000, მაქსიმუმ 2000-დელეგატიანი წარმომადგენლობით ტარდება ხოლმე.

 

შეგიძლიათ გადახედოთ ნებისმიერ დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილებას. მაგალითად, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი იყო, გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატების ყრილობა 1200-დელეგატიანი წარმომადგენლობით ჩატარდა. ანუ, თუ წარმომადგენლობის პირნციპი დაცულია, 2000 [დელეგატი] არის ის რაოდენობა, რომელიც იძლევა სამუშაო ვითარების [შექმნის შესაძლებლობას იძლევა]. ჩვენ გვინდა სამუშაო ყრილობა, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება”,- ამბობს ის.

 

ზაზა ბიბილაშვილს კი აინტერესებს, ვინ დაადგინა ის, რომ დეკემბერში ჩასატარებელი ყრილობა სამუშაოა და წინა ყრილობები მხოლოდ ცერემონიალური იყო. იგი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხვა წევრების არგუმენტები ვერ გამოდგება იმის გასამართლებლად, რომ “ყრილობა ვიწრო ფორმატში ჩატარდეს”.

 

მისი თქმით, გარდა ფართო წარმომადგენლობისა, დელეგატების შერჩევის წესი და პრინციპი უნდა იყოს ტრანსპარსნტული, “ანუ მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული ისეთი სცენარი, როდესაც რეალურად დელეგატების დანიშვნა ხდება და არა შერჩევა – ქვემოდან ზემოთ უნდა წამოვიდეს ეს პროცესი და არა პირიქით”.

 

“ის [საერთაშორისო] პრეცედენტები, რომელიც დღეს “აღმოვაჩნეთ”, მანამდეც არსებობდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ [ენმ] ყოველთვის ფართომასშტაბიან ყრილობას ვატარებდით მოყოლებული 2003 წლიდან. ის, რომ რადგან რომელიღაც ქვეყანაში რომელიღაც პარტია ასე ატარებს თავის ყრილობას, დღეს ეს არგუმენტი არ არის.

 

ჩვენ გვაქვს [ფართომასშტაბიანი ყრილობების] ძალიან მყარი ტრადიცია და უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა და მოცემულობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ასევე იმ საკითხების მნიშვნელობა, რომლის გადაწყვეტასაც ვაპირებთ ამ ყრილობაზე. ეს ყველაფერი ითხოვს [აქტივის] მრავალათასიან ჩართულობას იმისათვის, რომ მაქსიმალური ლეგიტიმაცია იყოს [შედეგის თვალსაზრისით].

 

მცირე ყრილობაზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა, ამას წმინდა სამართლებრივი კუთხით არ ვამბობ, ვგულისხმობ იმას, თუ როგორ გამოჩნდება ეს ამომრჩევლის თვალში და მგონია, რომ ეს სრულიად ლოგიკურია, თუ აქამდე, 2003 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის მრავალათასიან ყრილობას ვატარებდით, დღეს რატომ უნდა შეიცვალოს ეს?”, – ამბობს ზაზა ბიბილაშვილი."

 

დელეგატთა რაოდენობის თემას და 2.000 დელეგატის მომხრეთა არგუმენტებს ეხმიანება ჩიორა თაქთაქიშვილიც:

 

"...დღეს წავიკითხე, უცხოეთშიც მცირე ყრილობები ტარდება და რატომ არ არიან ისინი წარმომადგენლობითიო.

 

1. იმ ქვეყნებში სტაბილურად იყო დამკვიდრებული კონკრეტული ფორმატი და რა თქმა უნდა, ყველა შეთანხმებული იყო, რომ ეს ფორმატია ყველაზე მისაღები. აქ პირიქითაა, ადრე ენმ-ი ყოველთვის დიდ ყრილობებს ატარებდა და ყველა ამაზე იყო შეთანხმებული. 

 

2. იმ ქვეყნებისგან გასხვავებით, საქართველოში დღეს ენმ რეპრესირებული პარტიაა და ჩვენი არსებითი პოლიტიკური ინტერესია, რომ ახლა განსაკუთრებით ფართო ყრილობა ჩატარდეს.

 

3. იმ ქვეყნებში არ ყოფილა მაგალითი, როცა პარტიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ყრილობაზე და მერე ის შეცვალეს/გადათქვეს პატარა ყრილობაზე. საქართველოში კი შიში აქვთ მხარდამჭერების დიდ ნაწილს, რომ ფორმატის შეცვლა და სწორედ ახლა მცირე ყრილობის ჩატარება კონკრეტული საკითხის, ახალი თავმჯდომარის არჩევის გამო ხდება.

 

4. იმ სხვა ქვეყნებში თუნდაც პატარა ყრილობების პირობებში არ დგას წარმომადგენლობის და ლეგიტიმურობის პრობლემა, რადგან ყრილობას წინ უძღვის ფართო დემოკრატიული პროცესი და დელეგატების ქვევიდან ზევით არჩევა, დელეგატობის მსურველთა/კანდიდატთა თავისუფალი რეგისტრაცია და არა ისე, როგორც ამას ახლა ცდილობენ - დელეგატების დანიშვნა კულუარულად მიცემული დირექტივების საფუძველზე", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქზე". 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !