
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ როცა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე მთავარი პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებაზე შეიტყო, მთავარ პროკურორთან შეხვედრა სთხოვა და უთხრა: "იქნებ, დავლაგდეთ".
"...როცა ალასანიამ შეიტყო, რომ პროკურატურას გამოძიება ჰქონდა დაწყებული, იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა, პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას ვაპირებო. წარმოიდგინეთ, ამას მეუბნება თავდაცვის მინისტრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო.
რამდენიმე კვირის შემდეგ ალასანია კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინფორმაცია მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობსო. მთხოვა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარე და იქნებ, "დავლაგდეთო".
მე მას ვუთხარი, რომ ასეთ საკითხებში პრინციპულად არ ჩავერეოდი და ჩემი ოჯახის წევრსაც რომ ეხებოდეს საქმე, გამოძიების პროცესში ვერ ჩავიხედავდი. ერთი სიტყვით, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაზე უარი ვუთხარი, "დასალაგებელი" არაფერია, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დაისაჯოს და თუ არაფერი ჩაუდენიათ, რატომ ნერვიულობ-მეთქი?..", - ამბობს ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი.