
დაახლოებით ისეთივე ფრაზა, როგორიც მიხეილ სააკაშვილმა რუსულ ინტერნეტსაიტებზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ნიკა გვარამიასთან წარმოთქვა, მას 2003 წლის მოვლენების გახსენების დროსაც აქვს ნათქვამი, როცა იხსენებს, როგორ უთხრეს, რომ სროლა იყო მოსალოდნელი.
ამას გარდა, იგივე მიხეილ სააკაშვილის მოგონებებში, რომლებიც ასახულია "რუსთავი-2"-ის დოკუმენტურ ფილმში "ვარდების რევოლუცია" (თომა ჩაგელიშვილის ფილმი), აღნიშნულია, რომ იმ დროს ოპოზიციაში არსებობდა შტაბი, სადაც წევრებს გადანაწილებული ჰქონდათ ფუნქციები. იყვნენ ისეთები, რომლებიც მუშაობდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან - კანცელარიასთან, პარლამენტში დისლოცირებულ შენაერთებთან, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ არ შეესრულებინათ ბრძანება და გადასულიყვნენ ხალხის მხარეს ან უბრალოდ, არ შეეშალათ ხელი მათთვის, მსვლელობის დროს.
იყვნენ ისინი, ვინც ადგენდნენ სქემებს, ნახაზებს, როგორ უნდა აეთვისებინათ პარლამენტის წინა ტერიტორია შეტაკებების გარეშე, როგორ გაეთრიათ ავტობუსები და ქვიშით სავსე "კამაზები".
23 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი, ახალი კოლონის ჩამოსვლის დროს, სიტყვასიტყვით ამბობდა პირდაპირ ეთერში:
"შევარდნაძეს ტყუილად ჰგონია, რომ თავისი 500 სპეცრაზმელი გადაარჩენს, აი, ეს არის ხალხი, ის მოდის და ჩვენ გადავთელავთ ამ რეჟიმს, გადავუვლით მას". რეჟიმის დასრულების, შევარდნაძის წასვლის, ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ სხვა ლიდერებიც.
ამის მიუხედავად, თვით შევარდნაძის რეჟიმსაც კი თავში აზრადაც არ მოსვლია სისხლის სამართლის საქმე აღეძრა ხელისუფლების დამხობის ან ხელში ჩაგდების მცდელობის მუხლით, დაეკავებინა ან დაკითხვაზე დაებარებინა პოლიტიკური ლიდერები.