
ენმ-ს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია 13 ივნისის ტრაგედიაზე „კურიერში“ საუბრის დროს ხელსუფლების არაორგანიზებულობაზე და დაგვიანებულ რეაქციაზე საუბრობს, ამავე დროს, ხაზს უსვამს, რომ კოორდინირებულად მთავრობა მხოლოდ ბრალდებების დროს მოქმედებდა.
"რა თქმა უნდა, პირველი, რაც ყველას მოსდის თვალში და ამის ანალიზი ალბათ გაგრძელდება, არის რეაგირების საკითხი. ბუნებრივია, რომ როდესაც ათი დღით ადრე ქალაქის რაღაც ნაწილში, კერძოდ სვანიძის ქუჩაზე არის პრობლემა, სადაც მაშინაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სხვადასხვა ნაგებობები, როცა ამხელა ნალექი მოდის და არ არსებობს მობილიზება ხელმძღვანელობაში, რომ ამას ყურადღება მალე მიაქციონ, თან როცა სიგნალების გარეშეც ნახეს, როგორი მდგომარეობაა, ეს უკვე ძალიან მძიმე სურათია.
ამის შემდეგ ჩვენ ვიგებთ, რომ შეტყობინებები მოხდა საათებით ადრე, მეწყერი ჩამოწვა საათობით ადრე. კადრები ვნახეთ, სადაც თვითონ ქალაქის მერი წელამდე წყალშია, ამ დროსაც არ არის ჯერ კიდევ მობილიზება გამოცხადებული, არ გადაკეტილა გზები. უკვე რასაც ვხედავთ, არის ძალიან მძიმე სურათი. ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია იმით, რასაც ვხედავდით მთელი სამი წელიწადი, როგორ ფორმაში არიან, როგორ უდგებიან საკუთარ მოვალეობას", - განაცხადა ბოკერიამ.
„თავისთავად ის, რომ მეოცე საუკუნეში, ჯერ კიდევ 30-იან წლებში და შემდეგ 60-იან წლებში, ქალაქი ამ მიმართულებით განვითარდა და ვერეს ხეობა ამ ორ გვირაბს შორის მოექცა, ეს არის ფაქტორები ნამდვილად. მაგრამ მაინც მინდა ერთხელაც დავუბრუნდე იმას, რამხელა პრობლემა იყო ის, რომ ეს პრიორიტეტი ჰქონდა მთავრობას პირველივე დღეს, ან მეორე დღეს. იმაში კი არ არის საქმე, რამდენად უსაფუძვლოა ეს გიგი უგულავას მიმართ, რომელიც პოლიტპატიმარია და ციხეში ზის.
ასეთი ბინძური და ადამიანების სიკვდილის დაბრალება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. აქ არის საუბარი, თავში რა ჰქონდათ და რაზე ხარჯავდნენ დროს. ჩვენ ხომ ყველამ ვნახეთ, რომ ეს იყო კოორდინირებული, დაწყებული სოციალურ ქსელებში მათი პრეს და პიარ სამსახურებით, გაგარძლებული დეპუტატებით, მინისტრებით, პრემიერ-მინისტრით, ანუ ამ ხალხმა ასეთი კატასტროფის დროს, როცა მთელი ენერგია და დრო უნდა დაახარჯონ იმ ხალხზე ფიქრს და ვითარების გაკონტროლებაზე ფიქრს, რა ტრაგედიაც დაგვატყდა იმ ფონზე.
ამ დროს დასხდნენ, დრო დახარჯეს, დავალებები გასცეს, პრო-სამთავრობო საინფორმაციო საშუალებებში და ყველგან, მეტნაკლებად აქ იყვნენ ყველაზე კოორდინირებულები. ეს არის სწორედ კატასტროფა და იგივე ვნახეთ სხვათაშორის ზოოპარკის ამბავზეც. იქაც სრული კატასტროფა იყო, ზოოპარკის დირექტორის მიმართ აბსოლუტურად უტიფრად დაიწყეს ხელის გაშვერა, კოორდინირებულად, იქ დეპუტატებმა ბლოგები დადეს, ბატონი თამაზაშვილის ბლოგი მახსენდება, როგორი არაადამიანი გახდა ის და რომ არ ყოფილიყო სამოქალაქო პროტესტი, აგორებდნენ ამ ტალღას. ეს არის ძალიან მძიმე სურათი, როგორი ტიპის ადამიანები და პოლიტიკური ლიდერები გვყავს სათავეში“, - აცხადებს გიგა ბოკერია.