-
2015-06-10 08:21
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 9 ივნისს პრესკონფერენცია გამართა, ჟურნალისტებს სამომავლო გეგმები გააცნო და შეკითხვებს უპასუხა.
„ოდესას ბათუმამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია და შორი გზა აქვს გასავლელი, მანამდე აქ წესრიგის დამყარებაა საჭირო და სწორედ ამას მივხედავთ“, - ამის შესახებ ოდესის ოლქის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
სააკაშვილის თმით, მას არ აკმაყოფილებს ცალკეული დაკავებები, როგორიცაა მებაჟის დაკავება 500 გრივნის აღებისთვის: „ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს დაკავებები მხოლოდ საჩვენებელია და იმისთვუის ხდება, რომ სხვებს ხელი დააფარონ, ამიტომ ჩვენ ამ გზით არ წავალთ, მე წვრილ-წვრილი თევზები არ მაკმაყოფილებს, ვაპირებ, დიდ თევზებს ჩავავლო ხელი თქვენთან ერთად“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
„მე არ მაქვს დრო, სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფის წარმომადგენლებს შევხვდე. მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მინდა ხალხს, მოსახლეობას შევხვდე, ცოტა დრო მაქვს“, - ამის შესახებ ოდესაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
ოდესის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ეს მდიდარი, ცნობილი და გავლენიანი ადამიანები, ძირითადად, ქვეყნის მასშტაბით ერთი და იგივე ჯგუფებს წარმოადგენენე:
„მათი ინტერესები, წარმოდგენები ამა თუ იმ საკითხზე, მსოფლმხედველობა - ყველამ იცის. ეს ადამიანები ათწლეულებია, აქ არიან და ვიცით მათ შესახებ. მე ხალხის აზრი მაინტერესებს, ხალხს ვხვდები და ამიტომ, ცოტა დრო მაქვს, ამ დროს ცალკეულ ადამიანებთან შესახვედრად ვერ გავფლანგავ“, - თქვა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.
ალექსანდრე ბოროვიკი - უკრაინელი იურისტი, რომელმაც 2015 წლის მაისში უკრაინის მთავრობა სკანდალის ფონზე დატოვა, ოდესის ოლქის გუბრენატორის მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გახდა.
„საშა კოორდინირებას გაუწევს იმ დონორებს, რომლებიც მზად იქნებიან, ჩადონ თანხა ინფრასტრუქტრის განვითარებაში“, - განმარტა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.
ალექსანდრე ბოროვიკმა უკრაინის მთავრობიდან წასვლის დროს განაცხადა, რომ ვერ გაიგო, თითქმის ორი თვის განმავლობაში რა ფუნქციის შესრულება ევალებოდა მთავრობაში. ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი იყო, მაგრამ კანდიდატადვე დარჩა, რადგან პრემიერმა იაცენიუკმა მის დანიშვნას ხელი არ მოაწერა.
ალექსანდრე ბოროვიკი ლვოვში დაიბადა. ის ლვოვის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი ჩეხეთში გადავიდა, სადაც პრაღის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ჰარვარდში სწავლისას ის ადამიანის უფლებათა დამცველი ჟურნალის რედაქტორიც იყო.