
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და მის შეთავაზებას, მომხდარიყო გარიგება და ხელისუფლების გადაბარება, "ნაციონალურმა მოძრაობამ უარი უთხრა.
ზურაბ ადეიშვილმა "არჩევანის" ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილი ყოველთვის მონაწილეობდა პოლიტიკაში და ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა გარკვეულ მოვლენებზე.
"ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას, არსებობდა, ის პოლიტიკაში მონაწილეობდა 2004-შიც, 2005-შიც, 2006-შიც, შემდგომაც. კომუნიკაციის დონეზე, მისი მხრიდან ყოველთვის იყო გამოთქმული,რომ მას სურდა პოლიტიკაში მონაწილეობა, ის ცდილობდა გარკვეულ მოვლენებსა და პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას.
ხელისუფლებაში მოსვლა არის დემოკრატიული პროცესი, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ კულისებს მიღმა არ ფორმდებოდეს რაღაც გადაწყვეტილება ორ პოლიტიკურ ძალას ან ორ ადამიანს შორის, ხელისუფლებს გადაბარების შესახებ, მან აირჩია არჩევნების გზა და არჩევნების გზითაც მოვიდა ხელისუფლებაში. მან "ნაციონალური მოძრაობისგან" შეთანხმებულ ხელისუფლების გადაბარებაზე მიიღო უარი",-განაცხადა ადეიშვილმა გადაცემა "არჩევანში".