-
2015-04-29 13:37
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა დაადასტურა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ლევან ყიფიანმა ბრიფინგზე სამინისტროს მუშაობის საკუთარ ხედვაზე და მიღწევებზეც იმსჯელა.
"თქვენთვის, ალბათ, უკვე ცნობილია იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მე ერთპიროვნულად, პირადად მივიღე. ამის საიდუმლოდ შენახვა ვერ მოხერხდა...", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
"კარგი იქნებოდა, ამდენი დამსწრე მსოფლიო ჩემპიონობის დროს მოსულიყავით, მე ვსარგებლობ შემთხვევით და ამ ტრიბუნასაც გამოვიყენებ, რათა ჩვენს მოჭადრაკე ქალებს მოვულოცო მსოფლიო ჩემპიონობა", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ყიფიანი აცხადებს, რომ სპორტიდან წასვლას არ აპირებს და შესაძლოა, მომავალი წლის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნებისთვის მოემზადოს. მისი თქმით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რათა დაპირისპირებაში არ შესულიყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრებთან: „მათგან განსხვავებით მე პირადზე მაღლა ვაყენებ სახელმწიფო ინტერესებს“, - თქვა ლევან ყიფიანმა.
ლევან ყიფიანი მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მეშვიდე წევრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ეს კი მთავრობისადმი ნდობის ხელახალ გამოცხადებას ითვალისწინებს.