-
2015-01-30 01:10
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ თეა წულუკიანი სამჯერ ეცადა, უკრაინაში მისი ვიზიტის თარიღი უკრაინელ კოლეგასთან შეეთანხმებინა, თუმცა შემდეგ კიევიდან მესიჯი მიიღო, რომ უკრაინის იუსტიციის მინისტრი არ არის მზად მის მისაღებად.
"საქართველოს იუსტიციის მინისტრს ძალიან დიდი შრომის გაწევა დასჭირდა იმისთვის, რომ უკრაინელი კოლეგა, ბატონი პეტრენკო ჩამოეყვანა საქართველოში. ქალბატონმა თეამ მოიწვია პეტრენკო საქართველოში, აღუთქვა მას დახმარება, დაათვალიერებინა, გააცნო აბსოლუტურად ყველაფერი და ა.შ., ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკრაინულ მხარეს ნებისმიერ დახმარებას გაუწევდა მათთვის საჭირო ნებისმიერ საკითხში.
ქალბატონი თეა წულუკიანი უნდა წასულიყო საპასუხო ვიზიტით უკრაინაში. ის სამჯერ ეცადა, რომ თარიღი შეეთანხმებინა უკრაინელ კოლეგასთან, შემდეგ კი მიიღო კიევიდან მესიჯი, რომ მისი კოლეგა არ არის მზად მის მისაღებად.
ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან ზოგიერთი პოლიტიკოსები კიევში. მათ ხელს უშლიან იმაში, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ოფიციალურ დონეზე მოხდეს. ვინ უშლის ხელს – ადვილი დასადგენია. ხელს უშლიან ისინი, ვინც ალტერნატიული დახმარების გზების მომხრეები არიან და ვინც ამაში ძალიან სერიოზულ გასამრჯელოს იღებს", - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, „არსებობს ინფორმაციული ვაკუუმი და უკრაინელი კოლეგებისთვის ბევრი ფაქტი არ არის ცნობილი, რასაც საქართველო მათ მხარდასაჭერად აკეთებს“.