-
2014-11-27 21:29
"მე რა ვქნა, მე?.." - ეს ცნობილი ფრაზა დღეს პარლამენტის სპიკერს დავით უსუფაშვილს აღმოხდა, როცა მოსმენების შესახებ კანონპროექტის მიღებამდე, დებატებს უსმენდა და აკვირდებოდა. მანამდე უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თითქმის მთელი შემადგენლობით წარმოდგენილი პარლამენტი "გულს უხარია".
საქართველოს პარლამენტმა ვახტანგ ხმალაძის პროექტი ჩააგდო და მხარი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს დაუჭირა, რომელიც ითვალისწინებს, რომ მოსმენების ე.წ. გასაღები შსს-ს უნდა დარჩეს. ამ კანონპროექტს პარლამენტის წევრები (არამხოლოდ უმცირესობიდან) შსს-ში მომზადებულ კანონად მოიხსენიებენ და მის მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ.
დავით უსუფაშვილის მიერ წარმოთქმული "მე რა ვქნა, მე?" უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ აიტაცა და განაცხადა, რომ სპიკერის წარმოთქმული ფრაზა ცუდად ენიშნა: "ძალიან ცუდად მენიშნა ახლა ბატონი დავით უსუფაშვილის ფრაზა "მე რა ვქნა, მე?", რადგან ამ ფრაზის ამოთქმა ერთ ცნობილ პოლიტიკოსს ძალიან ძვირად დაუჯდა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული წითელი ხაზის არგადალახვა გახდება თქვენთვის ის ბარიერი, რომ ამ ხელისუფლებაში არ დარჩებით?", - იკითხა ბობოხიძემ, რასაც მოგვიანებით, ფრაქციის სახელით თინა ხიდაშელმა უპასუხა: "რესპუბლიკელები" კანონპროექტს მხარს არ უჭერენ, მაგრამ კოალიციიდან წასვლას არ აპირებენ.
პარლამენტმა კანონი მოსმენების შესახებ პირველი მოსმენით მიიღო. მუხლობრივი განხილვა 28 ნოემბერს გაიმართება. დეპუტატების უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამ კანონს ისევ ვეტოს დაადებს.