
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზეთთან მიმართებაში ანექსიის ნიშნები არის, მაგრამ ანექსიამდე ჯერ კიდევ შორია. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებულ ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე საუბრისას განაცხადა.
"რუსეთი გრძნობდა, რომ კარგავდა აფხაზეთს და იძულებული იყო, საჯარო და ღია აგრესიაზე გადასულიყო უკვე ანექსიის ნიშნებით, თუმცა ანექსიამდე ჯერ კიდევ შორს არის“. ზაქარეიშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გუშინ გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ურთიერთობების დალაგების მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მითვისებას".
შეგახსენებთ, ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის მხრიდან გაიზრდება აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარება, შეიქმნება საერთო შეიარაღებული ძალები, ასევე ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოები საუკუპაციო ხაზზე, რაც მის ენგურამდე გადმოწევას გულისხმობს. საოკუპაციო ხაზს თანაბრად გააკონტროლებს როგორც აფხაზური, ასევე რუსული მხარე.
ევრაზიული კავშირის კანონმდებლობის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საბაჟოც. რუსეთი, თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივების ვალდებულებას იღებს. დოკუმენტი 10 წლის ვადით იდება, თუმცა 5-წლიანი პერიოდებით გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.
"ტაბულის" მიხედვით