
„საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის დაჩქარებული ტემპით განხილვისა და მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ეკლესია თავად ქმნის პრობლემებს და „აქეთ იმუქრება“.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი საკუთარ მოსაზრებას „ფეისბუქზე“ აქვეყნებს:
„ვინ ამზადებს ქვეყანაში არეულობას... 17 მაისი ახლოვდება და რაღაც ცუდი სუნი ასდის.... ხელისუფლება ამტკიცებს კიდევ ერთხელ, ანტიდისკრიმაციულ კანონს "ევროპელები ითხოვენო"....
მაგრამ ხალხს არც არავინ უხსნის თუ რატომ არის ასე გადაუდებლად საჭირო (და არის კი?) და რა შედის ამაში. ამ დროს კი ვრცელდება, რომ მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს ეხება თურმე ეს კანონი;
ამავე დროს არც არავინ უხსნის ევროპელებს - ახლახან ჩამოსულ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ შესაძლოა უკრაინის ფონზე და იმ დროს როცა რუსეთი სწორედ აგრესიას ავლენს და ამ თემებით (სხვა რა გააჩნია რომ ვითომ ტრადიციულ მართლმადიდებლურ ღირებულების დამცველად მოგვევლინოს!!!!!) აპელირებს, შეიძლება არც დროული იყოს და არც აუცილებელი აჩქარებული ტემპით ისეთი კანონის მიღება რომელიც საქართველოში არსებულ პრობლემას არ პასუხობს....
მეორე მხრივ კი ეკლესია თავისი მხრიდან ამ სიტუაციას ამწვავებს და აქეთ იმუქრება! ამ ორს შორის ხომ „ნაცები ურევენ და ურევენ!
რა დროს ესაა? ... გვერდით სახლი იწვის ...ჩვენი გადარჩენა კი ჩვენ სტაბულირობაზე, ერთად ყოფნაზე, პროვოკაციების და დაპირისპირების აცილებაზე გადის! ...
ხელისუფლებას თუ ეს არ ესმის და ნებსით თუ უნებლიეთ ხაფანგში ეხვევა, დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება ...ასევე ეკლესიას... ყველას დღეს ევალება თავშეკავება, დაფიქრება, სიმშვიდე და ფიქრი მხოლოდ ერთი მიმართულებით: როგორ გავიყვანოთ ქვეყანა იქით მშვიდ სანაპიროზე!
ეს ყალბი იდეოლოგიებით - ვინ ვითომ ლიბერალი - და ვინ ვითომ ტრადიციონალისტი - არ ხდება : ერთადერთი გზა სახელმწიფოებრივი შეგნება , შემწყნარებლება და ქვეყნის აშენება ნგრევის მაგივრად....
ამიტომ ყველამ 17 მაისამდე ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს, გაჩერდეს და ღრმად შეისუნთქოს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.