
ნინო გვასალიას უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით შსს-ს სამაშველო სამსახური დღეიდან, 22 ოქტომბრიდან როგორც სახმელეთო, ისე წყალქვეშა საძიებო სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ასევე კოჯრის, ტაბახმელასსა და ოქროყანის ტყის მასივების ტერიტორიაზე ჩატარდება.
შსს-მ სამაშველო-საძიებო სამუშაოები 17 ოქტომბერს დაიწყო. როგორც შინაგანი უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების პირველ ეტაპზე სამართალდამცველებმა ამოიღეს და დაათვალიერეს დაკარგული გოგონას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე პერიმეტრზე არსებული კერძო დაწესებულებების, აფთიაქებისა და სხვა შენობების, ასევე, „300 არაგველის“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურების, „112“-ის სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები.
ინფორმაცია იმ დღესვე მიეწოდათ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ყველა ოპერატიულ დანაყოფს და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. სამართალდამცველებმა გადაამოწმეს საავადმყოფოები, გამოძიებაში ჩართული იყვნენ კინოლოგები. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე მტკვრის სანაპირო ტერიტორია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს უგზო–უკვლოდ დაკარგული ნინო გვასალიას ფოტოსურათს და მოქალაქეებს მიმართავს: „იმ შემთხვევაში, თუ დაკარგულ გოგონასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 112 ან მიმართეთ პოლიციის ნებისმიერ განყოფილებას“.