-
2014-04-24 11:06
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები წერენ, რომ ნიუ-იორკის ფესტივალზე "ქართველები ამერიკაში" მიხეილ სააკაშვილის მისვლის შესახებ არასწორი ინფორმაცია და დამონტაჟებული კადრები გავრცელდა, რაშიც შორენა თეთრაულს ადანაშაულებენ.
ფესტივალის ორგანიზატორი თამრიკო დავითაშვილი აქვეყნებს ექვსწუთიან ვიდეომასალას, სადაც კარგად ჩანს, რომ დარბაზში შესულ მიხეილ სააკაშვილს დამსწრეები ოვაციით ხვდებიან, შემდეგ კი მასთან ფოტოებს იღებენ, ესაუბრებიან და ავტოგრაფებს ართმევენ.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც რამდენიმე ქართულმა, შემდეგ კი რუსულმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს, მიხეილ სააკაშვილს რესტორან "ნაციონალში" ობსტრუქცია მოუწყვეს და დარბაზში მყოფმა ემიგრანტებმა პროტესტის ნიშნად იქაურობა დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს ისმოდა შეძახილები "წადი! წადი!", თუმცა ექვსწუთიან ვიდეომასალაში მსგავსი არაფერია.