
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „ბალკლიზე“ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის პრემიერმინისტრმა მას რეპლიკით უპასუხა.
სიტყვიერი დაპირისპირება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მაშინ მოხდა, როცა მიხეილ სააკაშვილმა პირადად მიმართა ბიძინა ივანიშვილს:
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მშვიდად ხვდება მავთულხლართების გადმოწევას კონფლიქტის ზონაში და ამას მინდა, გამოვეხმაურო. მე ვიყავი გორში ღვინის ფესტივალზე და ვნახე ოჯახები, რომლებსაც წაართვეს წყარო, მიწის ნაკვეთი, ვენახი და ძნელია მათთვის, ამას მშვიდად შეხვდნენ, მე მათი კარგად მესმის. ზოგიერთ რუსულ რუკაზე განმუხური მონიშნულია, როგორც ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის ტერიტორია და მე მინდა ვთქვა, რომ თუკი რუსები მოინდომებენ ამ ტერიტორიის მავთულხლართებში მოქცევასაც, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ან, რიგითი მოქალაქე, ამას მშვიდად ვერ შევხედავ და ვერ შევხედავ მშვიდად ვერავის, ვინც ამას მშვიდა შეხედავს.
რა თქმა უნდა, მე არავის მოვუწოდებ ომისკენ, მით უმეტეს, რუსეთთან ომისკენ, მაგრამ ჩვენ ნაკლები დრო უნდა ვხარჯოთ საერთაშორისო არენაზე ერთმანეთთან დასაპირისპირებლად და ყველამ ერთად ხელები უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს იმისთვის, რომ მავთულხლართები მეტად აღარ იბმებოდეს ჩვენს ტერიტორიაზე.
მე კატეგორიულად უარვყოფ და არ ვეთანხმები, რომ საქართველოს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს 2008 წლის ომზე და მინდა, სრული კატეგორიულობით გითხრათ, ბატონო ბიძინა: იმედია, რომ თქვენ დაუფიქრდებით ამას, დაუფიქრდებით ამ საკითხს, იმიტომ რომ ვინც ამას ამბობს, ან არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, ან არის შეკრული საქართველოს მტერთან.
მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან, მე იმედი მაქვს, რომ თქვენ აცნობიერებთ თქვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე და იმ დაღუპული ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც გადაარჩინეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა, რასაც რეპლიკა მოჰყვა საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან:
„მე არა, შენ გაქვს დასაფიქრებელი, შენი პირადი პასუხისმგებლობაა...“ - ამ რეპლიკის მიუხედავად, საქართველოს პრზეიდენტს სიტყვით გამოსვლა არ შეუწყვეტია, პრემიერმინისტრმა კი ჟესტებითა და გადალაპარაკებით საუბარი საქართველოში აშშ-ის ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან გააგრძელა.