
ინგა პავლოვა, რომელთანაც, ჟურნალისტ ვლადიმირ ივანიძის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, წლების წინ ბიძინა ივანიშვილს პარიზში ხელი ჰქონდა მოწერილი (ამის დამადასტურებელი, პარიზიდან მიღებული საბუთი ივანიძემ არაერთხელ გამოაქვეყნა), წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივლებს.
ინგა პავლოვამ „ფეისბუქზე“ გაიზიარა 2013 წლის ოქტომბერში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილისთვის ჟუირნალისტის მიერ დასმული კითხვა პარიზში მომხდარი ქორწინების გაფორმების შესახებ იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილი უკვე დაქორწინებული იყო ეკა ხვედელიძეზე და დაწერა:
„ასევე, ბიძინას უნდა ჰკითხონ, რატომ იყენებდა ის ჩემს პირად დოკუმენტებს რაღაც ფირმების გასახსნელად და ვინ მუშაობდა ჩემი დოკუმენტებით ბიძინას მოსკოვის ბანკში, ასევე, როგორ განქორწინდა ბიძინა ჩემთან, ამ პროცესში ჩემი მონაწილეობის გარეშე და რატომ დაქორწინდა ჩემზე, როცა უკვე იყო ქორწინებაში. მე სასამართლოში ვუჩივლებ ბიძინა ივანიშვილს და მისგან ნორმალურ კომპენსაციას მოვითხოვ“, - წერს ინგა პავლოვა.