
გლდანის პოლიციის პირველი სამმართველოს შენობაში აფეთქება გამთენიისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარა 1993 წელს დაბადებულმა ახალგაზრდამ აამოქმედა, რომელიც უკვე დაკავებულია.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ახალგაზრდამ პოლიციის შენობა დატოვა. პოლიციელების განცხადებით, ახალგაზრდა შენობაში დახმარების თხოვნის მიზნით შევიდა, თუმცა, სამართალდამცველებს გარკვეულად ვერ ჩამოუყალიბა, რა სახის დახმარება სჭირდებოდა.
აფეთქების შედეგად შენობაში მყოფთაგან სერიოზულად არავინ დაზარალებულა: ერთი პირი მსუბუქად დაიჭრა ისე, რომ მისი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა შენობის მინები, ხოლო აფეთქებაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცოტა ხანში დააკავა, თუმცა, შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აფეთქების შესახებ მედიასაშუალებებისთვის გახდა ცნობილი:
შსს-ს განცხადება
„შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა ამავე განყოფილების შენობის დაზიანების და პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული უშანგი თ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
2013 წლის 2 აგვისტოს, ღამის საათებში, ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მასივში მდებარე 1-ლი განყოფილების შენობაში შევიდა. მის მიერ ხელყუმბარის ამოქმედების შედეგად ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი და დაზიანდა პოლიციის შენობა.
დაჭრილ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს. ამჟამად ის სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია.
წინასწარი მონაცემებით, უშანგი თ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2- ნაწილებით).“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.