-
2014-04-10 10:18
„საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტები"-ს თავჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას მიმართავს და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საქართველოში დაგეგმილი არეულობის დეტალებზე საუბრობს.
ამასთან, ყუშიტაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც თბილისთან მისი „სკაიპით“ საუბარია გადაღებული, კავშირზე კი ვინმე მირიანი, სავარაუდოდ, მირიან რთველიაშვილი იმყოფება.
„ოფისებში ჯდომით არაფერი გამოვა, მე ჩამოვალ, უნდა შემოვიკრიბოთ ხალხი და ჩვენი გააქტიურებაა საჭირო, ხალხში უნდა გავიდეთ, ახალგაზრდებს უნდა გავაგებინოთ და ეს ჩვენი ერთმორწმუნე ერი (რუსეთი - რედ.) საბოლოოდ არ უნდა დავკარგოთ“, - ამბობს ყუშიტაშვილი ვიდეოსაუბარში და ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიმართვაში კი ზვიად ყუშიტაშვილი წერს:
"საქართველოში დღეს შექმნილი დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა აწუხებს არამარტო საქართველოს მოსახლეობას არამედ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ყველამ კარგად ვიცით თუ რა ბინძური პოლიტიკა გაატარა ამერიკამ უკრაინაში, სადაც ძმათა შორის დაიღვარა სისხლი. მინდა ყველას კარგად გითხრათ ამ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულები ნაცმოძრაობის ლიდერი კრიმინალი სააკაშვილი და მისი დაჯგუფება.
დღეს ნაცმოძრაობა იგივეს გეგმავს საქართველოში, რასაც დაარქმევენ კიევის მედიანს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც გადავამოწმე კიევში მცხოვრებ ქართველებთან, მინდა ეს ინფორმაცია გავასაჯაროვო, რომელიც არის ნაცმოძრაობის მიერ არეულობის შემოტანის გეგმის ერთერთ უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოში, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები უკრაინაში ქ. კიევში ხვდებიან და შეკრებებს აკეთებენ ცალკეულ ადგილებში ქართველი ემიგრანტებთან. ამ შეკრებების ერთ-ერთი ლიდერია დავით თარგამაძე, რომელიც ცხოვრობს ბელორუსიაში და ნათესავია ნაცმოძრაობის ერთერთი ლიდერის გივი თარგამაძისა.
მათი გეგმა მდგომარეობს შემდეგში: ქ. კიევში გადაბირებულ ახალგაზრდებს დააფინანსებენ და გამოუშვებენ საქართველოში. ამ ახალგაზრდებს მიცემული აქვთ დავალება გამართონ საპროტესტო აქციები საქართველოს სამ რეგიონში: ზუგდიდში, ქუთაისში და კახეთში, რაიონის ადმინისტრაციის შენობებთან, საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების დასაქმების მოთხოვნით, რასაც ჰპირდებოდა დღევანდელი ხელისუფლება.
ემიგრანტების აქციების დაწყების დღიდან მესამე დღეს ანალოგიური აქცია გაიმართება ქ. თბილისში პარლამენტის შენობის წინ, თბილისში გამართულ აქციას შეუერთდებიან ზემოთ აღნიშნული აქციის მონაწილეები, ამ აქციას დიდი ყურადღებით მოეკიდებიან ნაცმოძრაობის ლიდერები, რომლებუიც სრულ მხარდაჭერას გამოთქვამენ, ამ აქციებში შეუერთდებიან აღნიშნული ემიგრანტების ოჯახის წევრები. აქციის მონაწილეები მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში დაიწყებენ იმ სურათის დახატვას, რაც კიევში მოხდა.
რუსთაველზე და ქალაქის შემოსასვლელებში დაიწყებენ საბურავებით ბარიკადების აღმართვას. მოვლენების ამდაგვარი განვითარების შემთხვევაში ნაცმოძრაობის ლიდერები აქციებში ჩაერთვებიან. ასევე უკრაინაში, ქ. კიევში, მემარჯვენეთა კრიმინალური დაჯგუფებები გამართავენ მხარდამჭერ აქციას, ამ აქციების მიმდინარებისას ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს საგანგებო განცხადებას, რასაც მოყვება ნაცმოძრაობის მხარდამჭერი განცხადებები საქართველოში.
მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, მკაცრად იქნას გაკონტროლებული უკრაინისა და ბელორუსიის რეისები საქართველოში, გაკონტროლებული იქნას ყველა მობრუნებული ახალგაზრდა, გადაიხედოს მათი საქმოიანობა საქართველოში სანამ საქართველოს დატოვებდნენ, ასევე მივმართავ ქართველ ხალხს არ აყვეთ ამერიკის, უკრაინისა და ნაცმოძრაობის ერთიანი არეულობის გეგმას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ინფორმაციას ვფლობ ამ შეკრებაზე დამსწრე ერთერთი ქართველი ემიგრანტისგან", - წერს ყუშიტაშვილი.