
გადაცემა „პოლიტიკის დროში“ საუბრისას „ობიექტივის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ე.წ. რუსული ორგანიზაციების შექმნა, როგორც კი ოპოზიციაში გადავიდა.
„ვფიქრობ საშიში არ არის, 3–4 კაცის გამოსვლა პუშკინის სკვერში, რომლებიც ამბობენ, რომ უნდათ რუსეთთან და პუტინი მოსწონთ. მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის ე.წ. რუსული ორგანიზაციები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით იქმნებიან.
სად იყვნენ ეს ადამიანები ამ წლების განმავლობაში? რატომ ვერ ვხედავდით ამ პუტინის „ფანებს“, ახლა ამ ბოლო დროს რომ გამოჩნდნენ? ამ პატარა პრორუსულ წვრილ–წვრილ ორგანიზაციებს, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის და აფინანსებს, რომელთა გამოსვლებსაც შემდგომ „თავისუფალი ზონისა“ და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები გააპროტესტებენ და დაუპირისპირდებიან“,– განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ამასთან, ინაშვილი ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მუშაობს სტუდენტებთანაც და მათ აგრესიული მოქმედებებისკენ უბიძგებს.
„“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აქტიურად მუშაობენ „თავისუფალი ზონისა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სტუდენტებთან. ისინი ამ სტუდენტებს ეუბნებიან, რომ აგრესიით იმოქმედონ. ვფიქრობ გონიერი ადამიანი მიხვდება, როგორ იქცევიან ისინი სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე“, – განაცხადა ინაშვილმა.
„ობიექტივის“ დამფუძნებელმა გადაცემის მსვლელობისას გაასაჯაროვა ფოტო, რომელიც, მისი თქმით, დადასტურებაა იმისა, რაზეც მიანიშნებდა. ფოტოზე გამოსახულია 5 ნიღბიანი მამაკაცი, რომლებსაც ხელში ქართული დროშა ეჭირავთ, უკან კი უკრაინული, ინაშვილის თქმით, ფაშისტური სამხედრო ორგანიზაციის, „უნა–უნსოს“ დროშაა.
„სწორედ ეს ზონდერები გვარბევდნენ 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციებზე. დღესაც ემზადებიან ეს ზონდერები, მათი სპორტული დარბაზები კი გლდანსა და მოსკოვის პროსპექტზეა განთავსებული“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„ექსპრესნიუსის“ მიხედვით