
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განაჩენი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა: ბაჩო ახალაია ბრალდების სამივე ეპიზოდში გაამართლეს.
ბაჩო ახალაიასთან ერთად სასამართლომ გამამართლებელი განაჩემი გამოიტანა გიგი კალანდაძის მიმართ. რაც შეეხება ვიცეპოლკოვნიკ ზურაბ შამათავას და კიდევ ერთ ბრალდებულს ალექსანდრე გორგაძეს, მათ სასჯელის მუხლი შეეცვალათ და 140-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეეფარდათ, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, ეს სასჯელიც მოეხსნათ.
საბოლოოდ, 8 ბრალდებულიდან 6 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, 2 კი, პატიმრობაში რჩება - ბაჩო ახალაია და გაგა მკურნალიძე პატიმრობაში რჩებიან, რადგან ისინი სხვა საქმეშიც არიან ბრალდებულნი.
სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა ბაჩო ახალაიას მამამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ:
"მე როგორც პროფესიონალი, როცა ვესწრებოდი სასამართლო სხდომებს, ვხედავდი, რომ არაფერი არ იყო, საქმე შეთითხნილი იყო და აქედან გამომდინარე, ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. მართლმსაჯულებამ თავის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა", - განაცხადა პარლამენტის წევრმა.