
ე.წ. „ჰეროინის სკანდალი“, რომელიც შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცოპერაციის მონაწილეთა მიერ მითვისებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით (ერთი ვერსიით, 11 კგ-მდე) ნარკოტიკულ ნივთიერება ჰეროინს უკავშირდება, ახალ ფაზაში შედის.
შეგახსენებთ, იმის შესახებ, რომ ახალციხეში 2013 წლის ივნისში შსს-ს მიერ ჩატარებული უპერეცენდენტო სპეცოპერაციის დროს აღმოჩენილი 116 კგ ჰერონიდან 11 კგ-ს მოპარვის გამო სპეცოპერაციის ერთერთი ხელმძღვანელის, იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ბექა ქებაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს „ზონანიუსმა“ გამოაქვეყნა. სტატია ამ თემაზე ჩვენს ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. ინფორმაციის მიხედვით, ბექა ქებაძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი დეტალები, რომლებიც მოჰყვა ბექა ქებაძის დაკავებას:
ქებაძესთან ერთად ასევე დაკავებულია კიდევ ერთი პოლიციელი, რომელსაც ერთ-ერთი საბავშვო მულტფილმის პერსონაჟის მეტსახელით იცნობენ და რომელიც, სავარაუდოდ, საერთო რაოდენობიდან მოპარულ ჰეროინს საცალოდ, უკვე დაფასოებულს ჰყიდდა.
დაკავებულმა პოლიციელმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაასახელა ის მაღალი თანამდებობის პირები, ვინც სპეცოპერაციის დროს ჰეროინის მოპარვაში მონაწილეობდა. დასახელებულთაგან ერთი - ქებაძე (ეს ის ქებაძეა, რომელმაც 2012 წლის ნოემბერში იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდო შსს გენინსპექციის იმჟამინდეკ უფროსს, მოგვიანებით კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თენგიზ გუნავას) გახლავთ, მაგრამ ის მარტო არ არის.
ჰეროინის გამსაღებელი პოლიციელი შალვა ჯანყარაშვილის უწყებამ დააკავა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ არც მხოლოდ ეს ორი ადამიანი იყო ჩარეული ამ ამბებში: „აფხაზეთის ხმის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბექა ქებაძე ამ საქმეში ზედა ბოლო წერტილი არ იყო და კვალი უფრო ზემოთ მიდიოდა, ამის შესახებ მოხსენდა შს მინსიტრსაც, რომელმაც, თავის მხრივ, ეს ამბავი პირადი აუდიენციის დროს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აცნობა.
„აფხაზეთის ხმის“ წყარო ასახელებს ფრაზას, რომელიც შს მინისტრთან შეხვედრაზე ღარიბაშვილს უთქვამს და ამატებს, რომ ამ ფრაზამ მთელი შსს-ს პირადი შემადგენლობა მოიარა და მოწონებაც დაიმსახურა:
„არავინ დაინდოთ, ყველა დააკავეთ, ვინც ჩარეულია, ვინც გინდა იყოს!“, - ეს იყო ღარიბაშვილის ბრძანება, რასაც დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვა და დაკავებულია კიდევ ორი, მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელე.
დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ გენინსპექციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგებს, სადაც დაკავებული მაღალჩინოსნებიც დასახელდებიან, შსს უახლოეს დღეებში, საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვებს.