
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, საქმის განხილვა ამ დროისათვის დასრულებულია.
სამხედროების წამებასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებული ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათიდან მიმდინარეობდა.
როგორც მოსამართლე გიორგი დარახველიძემ განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე განაჩენის გამოცხადება დღეს არ მოხდება. როგორც მოსამართლემ მხარეებს განუმარტა, განაჩენის გამოცხადების თარიღს დაინტერესებული პირები ერთი დღით ადრე შეიტყობენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდებულებმა სიტყვა წარმოთქვეს. ერთ–ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე გორდაძის განცხადებით, სასამართლო პროცესზე 12-მა მოწმემ განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ და ჩვენებებს ითხოვდნენ. მისივე თქმით, კითხვის ქვეშ არის რამდენად სამართლიანად მიდიოდა გამოძიება. იგი დარწმუნებულია, რომ სასამართლო სამართლიან, გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.