
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დღეს ციხეში ევროპარლამენტარებმა მოინახულეს და მისი იზოლაციის გამო პროტესტი გამოთქვეს.
ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ მერაბიშვილს ოჯახის ნახვის საშუალება არ ეძლევა, რასაც გამართლება არ აქვს:
,,იმედი მაქვს, რომ სასამართლო თავისუფალი იქნება, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევას გამართლება მოეძებნება, ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი გვქონდა მასთან, სამწუხაროა, რომ არ აქვს საშუალება შეხვდეს ოჯახის წევრებს, გარე სამყაროსთან არ აქვს კომუნიკაცია, მასთან მხოლოდ ევროპარლამენტის წევრები მოხვდნენ, ამას გამართლებას ვერ ვუპოვი", - აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრო დენჟანი.
,,ბატონი მერაბიშვილი ექვსი კვირის წინაც მოვინახულე, ის დიდხანს ელოდა ექიმის ვიზიტს, მოუგვარებელია მისი ოჯახთან შეხვედრის საკითხი, კარგი იქნება თუ მას ცოლ-შვილის ნახვის საშუალებას მისცემენ, რჩება შთაბეჭდილება, რომ მის საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა კრისტოფ ლისეკმა.