
ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსი ოკუპანტები ცეცხლსასროლ იარაღს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ უკვე იყენებენ. მედიის ცნობით, სიმფეროპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტოპოგრაფიულ ცენტრზე შტურმის დროს ერთი სამხედრო პირი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყირიმის ნახევარკუნძულზე მყოფმა უკრაინელმა სამხედროებმა უკვე მიიღეს საომარ მოქმედებებში მონაწილე პირების სტატუსი.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე უკვე მიიტაცეს 17 სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ობიექტი, აქედან 11 - სამხედრო ობიექტია. ამას გარდა, 34 სახელმწიფო ობიექტი ამ დრომდე ბლოკირებული რჩება.
რუსი აგრესორები სიმფეროპოლში უკრაინელი სამხედროების დასახლებაში, კერძო ბინებში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით აიძულებენ სამხედროების ოჯახის წევრებს, ბინები დაცალონ.
იმ შემთხვევაში, თუ ბინების კარებს არ უღებენ, რუსი ოკუპანტები მას ამტვრევენ და ბინაში ასე შედიან.